ლამაზი გოლები საქართველოშიც გადის - „დინამომ“ გასვლაზე მოიგო და გალიდერდა (ვიდეო)
ეროვნული ლიგის მე-15 ტურის მორიგ შეხვედრას გორის „თენგიზ ბურჯანაძე არენამ“ უმასპინძლა – „დილამ“ „დინამო თბილისი“ მიიღო და დიდი ანგარიშით დამარცხდა.
თბილისელებმა სასურველი უპირატესობა მატჩის დასაწყისშვე მოიპოვეს, მე-5 წუთზე კარგი კონტრშეტევა განახორციელეს, გიორგი კუციამ კარის წინ მოძებნა კარგად გახსნილი გიორგი გაბედავა, რომელმაც „დინამო“ წინ გაიყვანა.
სულ რაღაც 10 წუთში „დინამომ“ კიდევ ერთი კარგი კონტრშეტევა წამოიწყო, ვიქტორ პერნამბუკომ დარტყმა ვერ მოახერხა და მარჯვენა ფლანგზე ნოდარ იაშვილი მოძებნა – თბილისელთა მარჯვენა მცველი საჯარიმოსკენ დაიძრა და მოჭრილი დარტყმით „დილას“ კარი ძალიან ეფექტური გოლი გაიტანა.
მეორე ტაიმში გორელები ვითარების შეცვლას შეეცადნენ, მაგრამ გოლი ისევ „დინამომ“ გაიტანა. 83-ე წუთზე გორელთა კარში დანიშნული პენალტი ზუსტად შეასრულა დავით სხირტლაძემ – 27 წლის გამოცდილი თავდამსხმელი საქართველოში 9-წლიანი უცხოური კარიერის შემდეგ დაბრუნდა და „დინამოს“ ფორმით ასეთი წარმატებული სადებიუტო მატჩი ჩაატარა. ასევე სადებიუტო მატჩი ჰქონდა 17 წლის ნახევარმცველს, „დინამოს“ აკადემიის აღზრდილ ლუკა გაგნიძეს.
საბოლოოდ, „დინამომ“ 0:3 მოიგო. 15 ტურის შემდეგ „დილა“ 24 ქულით ისევ მესამე ადგილზე დარჩა, ხოლო „დინამო თბილისმა“ 28 ქულა მოიპოვა, ბათუმის „დინამოს“ გადაასწრო და ჩემპიონატის დასრულებამდე ხუთი ტურით ადრე გალიდერდა.