როგორც ჩანს, რუსეთზე უკრაინაში აგრესიის შემდეგ მსოფლიოს მიერ დაწესებული სანქციები უკვე მოქმედებს – უკრაინული გამოცემა „ფოოტბალ 24“-ის ცნობით, ვლადიმერ პუტინის გარემოცვა უკვე პირდაპირ გრძნობს უკრაინაში შეჭრის გამო ეკონომიკური ბლოკადის შედეგებს. „ლუკოილის“ ვიცე-პრეზიდენტი ლეონიდ ფედუნი, რომელიც მოსკოვის „სპარტაკის“ მფლობელია, ომის საწინააღმდეგო სანქციების ერთ-ერთი ყველაზე დიდი მსხვერპლი გახდა. 24 თებერვლიდან „ლუკოილის“ კაპიტალიზაცია შემცირდა და ჯამში ბიზნესმენმა კაპიტალის 80% დაკარგა.
თავად ფედუნმა დაადასტურა, რომ პრობლემები ჰქონდა: „დიახ, დიდი სირთულეებია, მაგრამ მე ვაგრძელებ „სპარტაკის“ დაფინანსებას“.
საინტერესოა, რომ ევროკავშირმა ევროს ბანკნოტების რუსეთში გადაგზავნა აკრძალა, ხოლო რუსული ფეხბურთი და სპორტი უკვე ონლაინ-სივრცეშიც იბლოკება და თუ ასე გაგრძელდა, მსოფლიოსთვის საერთოდ აღარ იარსებებს. ოკუპანტის საინფორმაციო ბლოკადა სულ უფრო ფართოვდება. რუსეთს ართმევენ საერთაშორისო ტურნირების მასპინძლობის უფლებას, გუნდებს ეკრძალებათ საერთაშორისო შეჯიბრებებში მონაწილეობა, რუსული კომპანიები კარგავენ სარეკლამო კონტრაქტებს. სანქციების სია ყოველდღიურად ფართოვდება.
პოპულარულმა ონლაინ-სერვისმა LiveScore-მა გადაწყვიტა აგრესორი ქვეყნის ნებისმიერი სპორტული შეჯიბრის გაშუქება შეწყვიტოს.
„უკრაინის ხალხთან სოლიდარობის ნიშნად, უახლოეს მომავალში LiveScore აღარ გააშუქებს რუსეთში მატჩებთან ან შეჯიბრებებთან დაკავშირებულ მასალებს. ჩვენს ფიქრებში უკრაინელი ხალხია და რუსეთის ხელისუფლების ქმედებებს მთელი გულით ვგმობთ“.