ლადო მამუჩაშვილი - ჩვენი მიზანია, ბათუმის „დინამომ“ კონფერენს ლიგის ჯგუფში ითამაშოს #1TVSPORT
ბათუმის „დინამოს“ ნახევარმცველმა, ლადო მამუჩაშვილმა გუნდის დაარსების 100 წლისთავთან დაკავშირებით ისაუბრა და განაცხადა, რომ საიუბილო სეზონში ბათუმელების ჩემპიონის ტიტულით და ევროტურნირის ჯგუფში მოხვედრით გახარება სურთ.
„2023 წლის სეზონის დასაწყისს დადებითად შევაფასებდი, რადგან განვლილ წლებს თუ შევადარებთ, საწყის თამაშებში ყველაზე მეტი ქულა გვაქვს მოპოვებული. ჩვენ „დინამო თბილისთან“ ერთად პირველ-მეორე ადგილებს თანაბარი ქულებით ვიყოფთ, მატჩიდან მატჩადე ვუმატებთ და თამაშის ხარისხიც უმჯობესდება.
ყველას საერთო მიზანია, როგორც გუნდის, ასევე გულშემატკივრის და ქალაქის, რომ 100 წლის იუბილეზე ბათუმის „დინამო“ საქართველოს ჩემპიონი კიდევ ერთხელ გახდეს. ჩვენ ამისთვის ვიბრძოლებთ. რა თქმა უნდა, ჩვენი მიზანი, სურვილი და ოცნებაცაა, ევროტურნირებზე კარგად გამოვიდეთ და კონფერენს ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ვითამაშოთ.
ჩემს ცხოვრებაში ბათუმის „დინამომ“ ძალიან დიდი როლი შეასრულა. აქ შევდექი ფეხბურთელად და საუკეთესო წლებს ვატარებ, რაც ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია. აქ ყოფნით ბედნიერი ვარ“, – ამბობს ლადო მამუჩაშვილი.