ეროვნული ლიგა2-ის დებიუტანტმა დუშეთის „არაგვმა“ სრული შემადგენლობით და უსაფრთხოების ზომების დაცვით ვარჯიში განაახლა. ამის შესახებ გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ლადო ბურდულმა ილაპარაკა და სეზონის განახლების მიახლოებითი ვადა დაასახელა.
„სანამ რეგულაციები საშუალებას მოგვცემდა, მანამდე ფეხბურთელებს ღია ცის ქვეშ, იპოდრომის ტერიტორიაზე სამ ან ხუთკაციან ჯგუფებად ვიბარებდით და ვავარჯიშებდით. ახლა კი ფიზიკური კონდიციების გაუმჯობესებთან ერთად ტექნიკურ-ტაქტიკურ მომზადებასაც შევუდექით. ჯერჯეობით, რა თქმა უნდა, გუნდი სათანადო ფორმისგან შორსაა, თუმცა გვაქვს იმის დრო, რომ ჩემპიონატის დაწყებამდე სასურველ ფორმაში ჩავდგეთ. როგორც ვიცით, ჩემპიონატის განახლების სავარაუდო დრო 13 ან 20 ივლისია“ – ამბობს დუშეთის „არაგვის“ მთავარი მწვრთნელი.
ლადო ბურდულმა საკადრო ცვლილებებზეც ილაპარაკა:
„დაგვტოვა კარგმა ფეხბურთელმა ირაკლი ქათამაძემ, რომელსაც მინდა, გუნდის წარმატებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადავუხადო. ამ ეტაპზე მიმდინარეობს მოლაპარაკებები 1-2 ახალ ფეხბურთელთან. როცა პროცესი დასრულდება და ყველაფერი გადაწყდება, გულშემატკივარს დეტალურად გავაცნობთ ამ სიახლეს. ჩვენი მიზანი კვლავ უცვლელია – მაქსიმალურად ვეცდებით, მივაღწიოთ სასურველ შედეგს და შევინარჩუნოთ ადგილი ამ ლიგაში“.