დუშეთის „არაგვმა“ ეროვნული ლიგა 2-ის მეოთხე ტურში ქობულეთის „შუქურას“ უმასპინძლა და 1:2 დამარცხდა.
„არაგვმა“ მანამდე მარტვილის „მერანთანაც“ მარცხი იწვნია – გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ლადო ბურდულმა ეს შეხვედრები შეაფასა და
„პანდემიით გამოწვეულმა პაუზამ ზოგ გუნდს უფრო მეტად დაატყო ხელი, ზოგს – ნაკლებად. პანდემიამდე პირველი ორი ტური „არაგვმა“ კარგად ჩაატარა, მაგრამ ახლა უფრო რთულად დავიწყეთ. ეს ფეხბურთია და ასეთები ხდება – ოპტიმალურ ფორმაში ვერ ჩავდექით. მიუხედავად ამისა, ჯერ მხოლოდ ოთხი ტური დასრულდა და რაიმეზე საუბარი ძალიან ადრეა. ჩვენი მიზანი უცვლელია და ამ ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად ბოლომდე ვიბრძოლებთ. ჯერ დაკარგული არაფერია, პირიქით – ერთი მოგებით, შეიძლება, ოთხეულში ან ხუთეულში გადავინაცვლოთ“ – ამბობს ლადო ბურდული.
საქართელოს ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი იმედოვნებს, რომ გუნდი მდგომარეობას მალე გამოასწორებს: „ქობულეთის „შუქურასთან“ მეორე ტაიმში უპირატესობას ვფლობდით და 5-6 საგოლე მომენტი გვქონდა. მაგრამ მომენტები მათაც ჰქონდათ და გამოიყენეს და მოიგეს. თუმცა მეორე ტაიმში გუნდი რადიკალურად შეიცვალა. ლეჟავა, რომელმაც მეტოქის კარი აიღო, ისე დაიმტვრა, რომ ბოლო 15 წუთის თამაში ვეღარ შეძლო. მიუხედავად ამისა, სათამაშო უპირატესობას მაინც „არაგვი“ ფლობდა. ამიტომ, ძალიან დასანანია, რომ ასეთ შეხვედრაში, მინიმუმ, ფრეს მაინც ვერ გამოვკარით ხელი. მართლა ძალიან კარგი მეორე ნახევარი გამოგვივიდა. სწორედ აქედან გამომდინარე მაქვს იმედი, რომ ჩემი ბიჭები ფორმას მალე დაიბრუნებენ“.
მერაბ მამულაშვილი