„ლაციომ“ სექტემბრის შემდეგ პირველად წააგო და „იუვენტუსს“ ოთხი ქულით ჩამორჩა
იტალიის სერია A-ს ჩემპიონობისთვის ბრძოლაში მნიშვნელოვანი ქულები დაკარგა რომის „ლაციომ“. დედაქალაქურმა კლუბმა ბერგამოში „ატალანტას“ წინააღმდეგ ორბურთიანი უპირატესობა გაფლანგა და ლიდერ „იუვენტუსს“ ოთხი ქულით დაცილდა.
უკვე მე-11 წუთისთვის „ლაციოს“ უპირატესობა 2:0 იყო. მეხუთე წუთზე მარტენ დე რონმა საკუთარ კარში გაიტანა, ხოლო მე-11 წუთზე ულამაზესი შორეული დარტყმა შეასრულა სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩმა. „ატალანტამ“ ერთი ბურთი პირველ ტაიმში გაქვითა რობინ გოსენსის გოლის წყალობით.
66-ე წუთზე რუსლან მალინოვსკიმ არანაკლებ ეფექტური შორეული დარტყმით ანგარიში გაათანაბრა, ხოლო მე-80 წუთზე „ატალანტას“ გამარჯვება მოუტანა ხოსე ლუის პალომინომ.
„ლაციო“ 2:3 დამარცხდა და ეს იყო ამ გუნდის პირველი წაგება სერია A-ში სექტემბრის შემდეგ. რომაელთა დაუმარცხებელი სერია 21 მატჩს უტოლდებოდა.