„ლა რეპუბლიკა“ - არ გარისკავენ და „კრემონეზესთან“ კვარაცხელიას ელმასი შეცვლის [ვიდეო] #1TVSPORT
იტალიური გამოცემა „ლა რეპუბლიკა“ ამტკიცებს, რომ ხვიჩა კვარაცხელია და პიოტრ ჟელინსკი იტალიის ჩემპიონატის მე-9 ტურში „კრემონეზესთაბ“ „ნაპოლის“ ძირითად შემადგენლობაში არ იქნებიან, რადგან მათი მდგომარეობის გამო ნეაპოლელთა მთავარი მწვრთნელი ლუჩანო სპალეტი გარისკვას არ აპირებს.
„ჟელინსკი და კვარაცხელია უკვე გამოჯანმრთელდნენ. თუმცა, ორივე ჯერ კიდევ ექიმების დაკვირვების ქვეშ რჩება. ამ დროს, ცნობილი ხდება, რომ მათ ადგილს „კრემონეზესთან“ ნდომბელე და ელმასი დაიკავებენ. ეს გარდაუვალი ცვლილებია. ეს შეიძლება ძალიან ღირებული ამბავი იყოს სეზონის ყველაზე რთულ ეტაპზე. ფაქტობრივად, კალენდარი შესვენების საშუალებას არ იძლევა – 13 ნოემბრამდე „ნაპოლის“ კიდევ ათი თამაშია დაგეგმილი: ჩემპიონატში 7 და ჩემპიონთა ლიგაზე – 3. ამ დროს ყველა მოთამაშის გამოყენება საჭიროა. ამასობაში, გუნდში ოსიმენის დაბრუნების მოლოდინში არიან, რომელიც შეტევის ცენტრში რასპადორის და სიმეონეს შეენაცვლება“, – წერს იტალიური გამოცემა.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ ამსტერდამის „აიაქსთან“ გოლი გაიტანა, მაგრამ მაშინვე შეცვლა მოითხოვა – მანამდე, რამდენიმე წუთით ადრე, საქართველოს ნაკრების თავდამსხმელს ნიდერლანდური კლუბის კაპიტანი, დუშან ტადიჩი უხეშად ეთამაშა და ფეხი ტერფში ჩაარტყა.