ბარსელონას არჩათვლილი გოლი და ფრე ვალენსიაში
ბარსელონას არჩათვლილი გოლი და ფრე ვალენსიაში

ესპანეთის ჩემპიონატში მე-13 ტურის ცენტრალური შეხვედრა გაიმართა, რომელშიც „მესტალიაზე“ „ვალენსია“ „ბარსელონას“ მასპინძლობდა. „ღამურები“ რვამატჩიანი მოგებათა სერიით შეხვდნენ ამ შეხვედრას, „ბარსას“ ზედიზედ ოთხი მატჩი ჰქონდა მოგებული, მათ შორის სხვაობა კი ოთხი ქულა იყო კატალონიელთა სასარგებლოდ.

პირველი ტაიმი „ბარსელონას“ სრული უპირატესობით მიმდინარეობდა. ზუსტი დარტყმების შეფარდება პირველ 45 წუთში 6-0 იყო სტუმრების სასარგებლოდ. კატალონიელებმა ერთი გოლიც გაიტანეს, მაგრამ მსაჯებმა ვერ შეამჩნიეს, რომ ბურთმა კარის ხაზი გადაკვეთა და გოლი არ ჩათვალეს. პირველ ტაიმში „ვალენსია“ მხოლოდ 23 პროცენტით ფლობდა ბურთს.

მეორე ნახევარში „ვალენსიამ“ დაცვა გააძლიერა, ამჯერად „ბარსელონამ“ მხოლოდ ორჯერ დაარტყა ზუსტად და ერთი გოლი გაიტანა – 82-ე წუთზე ხორდი ალბამ ლიონელ მესის პასით გამოიჩინა თავი. კატალონიელებმა ამ გოლით გაათანაბრეს ანგარიში, რადგან მე-60 წუთზე „ვალენსია“ როდრიგომ დააწინაურა. აღსანიშნავია, რომ ეს იყო „ღამურების“ ერთადერთი ზუსტი დარტყმა კარში. საბოლოოდ, ფრე 1:1 დაფიქსირდა.

„ბარსა“ 35 ქულით ლიდერობს, „ვალენსიას“ 31 ქულა აქვს, 27-27 ქულით მესამე-მეოთხე ადგილებს „რეალი“ და „ატლეტიკო“ იყოფენ.