ლა ლიგას პრეზიდენტმა ხავიერ ტებასმა გამოაცხადა, რომ ესპანურ ლიგას შეუძლია დაბლოკოს „ატლეტიკოდან“ „ბარსელონაში“ ფორვარდ ანტუან გრიზმანის გადასვლა.
„ატლეტიკომ“ სარჩელი შეიტანა და საეჭვოდ მიიჩნია გრიზმანის ტრანსფერის რეგისტრაცია „ბარსელონაში“. პროცესი უკვე მოქმედია. ორივე კლუბის წარმომადგენლები პირადად უნდა შეხვდნენ და მოაგვარონ ეს საქმე.
„ტრანსფერის ბლოკირება შესაძლებელია. დღეს ჩვენ ვმუშაობთ სიტუაციის მოგვარებაზე. მეტი არაფრის თქმა არ შემიძლია“, – თქვა ტებასმა რადიო „ონდა სეროს“ (Onda Cero) ეთერში.
პრიმერას ბოსმა ისიც დაამატა, რომ „ატლეტიკომ“ მსგავსი დოკუმენტები ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციასა და სამოქალაქო სასამართლოში გააგზავნა.
შეგახსენებთ, რომ მადრიდულმა კლუბმა ლიგის ხელმძღვანელობას ტრანსფერის დაბლოკვის თხოვნით მიმართა. „ატლეტიკოში“ მიაჩნიათ, რომ კატალონიურმა კლუბმა ფრანგის სანაცვლოდ კიდევ 80 მილიონი ევრო უნდა გადაიხადოს, რადგან „ბარსელონა“ გრიზმანს ჯერ კიდევ მარტში მოელაპარაკა, როცა კონტრაქტში გამოსასყიდ თანხად 200 მილიონი ევრო ეწერა. პირველი ივლისის შემდეგ, ეს თანხა 120 მილიონამდე ჩამოვიდა და სწორედ ეს ოდენობა გადაუხადა „ბარსამ“ „ატლეტიკოს“.
ანტუან გრიზმანი „ატლეტიკოში“ 2014 წლიდან თამაშობს. მის ანგარიშზე 257 მატჩი, 113 გოლი და 50 შედეგიანი გადაცემაა.