ლა ლიგას პრეზიდენტი - არ ვაპირებთ ჩემპიონატის დამთავრებას
ლა ლიგას პრეზიდენტი - არ ვაპირებთ ჩემპიონატის დამთავრებას

ესპანური ლა ლიგას პრეზიდენტმა ხავიერ ტებასმა ილაპარაკა ჩემპიონატის მომავალზე, რომელიც კორონავირუსის პანდემიის გამოა შეწყვეტილი.

ტებასის თქმით, ამ მომენტისთვის ის აქტიურად ურთიერთობს ევროპული ლიგების სხვა წარმომადგენლებთან, რათა მაქსიმალურად შეათანხმოს გრაფიკები და მინიმალური ფინანსური ზარალი ნახოს სეზონის ვადაზე ადრე დასრულების შემთხვევაში.

„გასულ უქმეებზე უამრავი სატელეფონო ზარი და ვიდეოკავშირის სეანსი მქონდა ევროპულ ორგანიზაციებთან და ესპანური კლუბების პრეზიდენტებთან, რადგან გვჭირდება ყველაფრის კოორდინირება. დგება ძალიან მნიშვნელოვანი კვირა. მქონდა კავშირი იტალიის, გერმანიისა და სხვა ქვეყნების ლიგებთან. უნდა შევათანხმოთ კალენდარი.

კორონავირუსი – ექიმების საკითხია, ჩვენ კი გვჭირდება ეკონომიკური პრობლემების გადაწყვეტა, რომელიც ამ ვირუსმა გამოიწვია. ასობით კონტრაქტი გვაქვს მთელ მსოფლიოში ფეხბურთის ტრანსლირებაზე. არ არის ჩვენება – არ არის ფული, ეს ცხადია. ჩემპიონატის 25 პროცენტი ვერ ვითამაშეთ, ამიტომაც მთელი ბიუჯეტი იქნება გადასახედი. დაგეგმილი შემოსავლის მეოთხედს ვერ მივიღებთ, თუ ჩემპიონატს ვერ დავასრულებთ.

შესაძლებელია თუ არა ესპანეთის ჩემპიონის გამოვლენა პლეიოფის მეშვეობით? დღეს ჩვენ ყველა იქით ვიხრებით, რომ არ ვაპირებთ ამ ჩემპიონატის დასრულებას. ამ კვირას, მთელ ევროპაში იქნება მიღებული მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები“, – თქვა ტებასმა ერთ-ერთ სატელევიზიო გადაცემაში.

თებერვლის ბოლოს, ტებასი ირწმუნებოდა, რომ ლა ლიგა აუცილებლად დაასრულებდა სეზონს, თუნდაც ამისთვის საჭირო გამხდარიყო დარჩენილი მატჩების უმაყურებლოდ ჩატარება. მაგრამ მას შემდეგ, ესპანეთში კორონავირუსთან დაკავშირებით სიტუაცია სერიოზულად გაუარესდა.

ამ მომენტისთვის, ლა ლიგაში ჩატარებულია 27 ტური და ლიდერია „ბარსელონა“ 58 ქულით.