ლა ლიგა - „რეალმა“ რონალდუს გარეშე მოიგო, „ბარსა“ პირველ წაგებას გადაურჩა
ესპანეთის ჩემპიონატის 30-ე ტურში შაბათს იმ გუნდებმა ითამაშეს, რომლებსაც ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალი ელით.
წინასწარ იყო ცნობილი, რომ ზინედინ ზიდანი კრიშტიანუ რონალდუს “ლას პალმასის” წინააღმდეგ არ ათამაშებდა. ამ სეზონში ხშირად მომხდარა ასე – პორტუგალიელს ასვენებდნენ ჩემპიონთა ლიგის მატჩების წინ. გუნდში ბევრი მიკროტრავმისა და დისკვალიფიკაციის გამო, მოედანზე კაპიტნის სამკლაურით ქარიმ ბენზემა გავიდა, რომელიც “რეალის” ფორმით მე-400 შეხვედრას ატარებდა.
თავდაპირველად, გუნდები უდარტყმო შეტევებს ცვლიდნენ. პირველ წუთებში გარეტ ბეილი ხშირად ხვდებოდა თამაშგარეში, მაგრამ ტაიმის შუაში უელსელმა მაინც მოახერხა ლუკა მოდრიჩისგან პასის წესების დაცვით მიღება და ანგარიში გახსნა. შესვენებამდე ბენზემამ ვასკესის წაქცევისთვის დანიშნული პენალტის გამოყენებაც მოასწრო, ზიდანმა კი ტრავმის გამო ნაჩო დაკარგა.
მატჩში ინტრიგა მეორე ტაიმის დაწყებიდან ექვს წუთში მოკვდა, როცა ბეილმა ახალი 11-მეტრიანი გამოიყენა. დარჩენილ დროში კეილორ ნავასმა ორი საშუალო სირთულის დარტყმა მოიგერია. 3:0 – ბეილმა და ბენზემამ რონალდუს გარეშე მოიგეს.
“რეალმა” ზედიზედ მეოთხე მატჩი მოიგო და ერთ ქულამდე შეამცირა სხვაობა “ატლეტიკოსთან“, რომელიც კვირას შინ მიიღებს “დეპორტივოს“.
კინაღამ სეზონში პირველი მატჩი წააგო “ბარსელონამ”. ვალვერდემაც გადაწყვიტა თავისი ლიდერის დასვენება და ლიონელ მესი “სევილიასთან” მატჩში თადარიგში დატოვა. ლიდერი 265 მილიონ ევროდ ღირებულ კოუტინიოსა და დემბელეს უნდა შეეცვალათ, თუმცა, მათ ბევრი არაფერი გამოსდიოდათ.
“სევილია” მეტოქეზე უკეთ გამოიყურებოდა, ამიტომაც, არავის გაკვირვებია, როცა ფრანკო ვასკესმა კორეას პასით გახსნა ანგარიში. შესვენების შემდეგ კი მურიელმა ახლო კუთხეში გაიტანა.
ვალვერდე იძულებული გახდა, მესი მოედანზე შეეშვა. არგენტინელმა მაშინვე შეუქმნა მომენტი კოუტინიოს, შემდეგ კი სუარესმა ძელს გაარტყა ბურთი. კატალონელებმა ზეწოლა გააძლიერეს. ბოლო 10 წუთში იყო რაკიტიჩის ძელი, სუარესის გოლი კუთხურიდან და მესის ზუსტი დარტყმა დამატებაზე.
2:2 – “ბარსელონა” ისევ წაუგებელია ესპანეთის ჩემპიონატში.