La Gazzetta dello Sport: "ტორპედო"-“დინამოს" მატჩები საქართველოში იგივეა, რაც ესპანეთში "ბარსა"-"რეალი"
ქუთაისის “ტორპედოს” ჩემპიონობაზე არაერთმა უცხოურმა პოპულარულმა გამოცემამ დაწერა. რამდენიმე დღის წინ კი იტალიური La Gazzetta dello Sport-ის ჟურნალისტმა რობერტო ბორდმა კლუბსა და ქალაქზე სტატია მოამზადა.
“ჩემპიონობა ყოველთვის დიდ ემოციას იწვევს, მაგრამ ის, რაც 26 ნოემბერს საქართველოში მოხდა, წარმოუდგენელია. ტიტულის მოსაპოვებლად “ტორპედოს” მხოლოდ მოგება სჭირდება. ბოლო წუთზე მატჩის მთავარი არბიტრი “ტორპედოს” კარში საეჭვო პენალტს ნიშნავს. ქუთაისელი ფანების 15-წლიანი ოცნება, როგორც ჩანს, კვლავ გაგრძელდება, თუმცა არა… “ტორპედოს” მეკარე, როინ კვასხვაძე ოთარ კიტეიშვილის დარტყმულს იგერიებს და ქუთაისში ზეიმი იწყება! ქუთაისს, რომელიც სიძველით ევროპულ ქალაქებს შორის მეხუთეა, ორი გმირი ჰყავს: მთავარი მწვრთნელი კახა ჩხეტიანი და ფორვარდი თორნიკე კაპანაძე. 39 წლის კახა ჩხეტიანი, რომელიც იტალიური “მილანის” გულშემატკივარია, ამბობს, რომ “ტორპედოსა” და “დინამოს” დაპირისპირება საქართველოში იგივეა, რაც ესპანეთში “ბარსელონასა” და “რეალის” მატჩები” – წერს იტალიური გამოცემა.