La Gazzetta dello Sport-ი – მბაპეს წასვლის შემდეგ პსჟ-ს ოსიმენისა და კვარაცხელიას დამატება სურს #1TVSPORT
La Gazzetta dello Sport-ი – მბაპეს წასვლის შემდეგ პსჟ-ს ოსიმენისა და კვარაცხელიას დამატება სურს #1TVSPORT

„პარი სენ-ჟერმენი“ კილიან მბაპეს წასვლის შემდეგ „ნაპოლიდან“ ვიქტორ ოსიმენისა და ხვიჩა კვარაცხელიას გადაბირებაზე მუშაობს – ინფორმაციას იტალიური გამოცემა La Gazzetta dello Sport-ი ავრცელებს.

„საფრანგეთის ჩემპიონს ზაფხულის სატრანსფერო ბაზარზე დიდი შრომა მოუწევს. კილიან მბაპემ მადრიდის „რეალში“ წასვლა გადაწყვიტა. ეს გუნდს, დაახლოებით, 200 მილიონ ევროზე მეტს გაუთავისუფლებს. პსჟ-ში იმედოვნებენ, რომ ამ თანხას მისი შემცვლელების დასამატებლად გამოიყენებენ. მთავარი კანდიდატები კი „ნაპოლის“ ლიდერები – ოსიმენი და კვარაცხელია არიან.

პარიზელებმა ნიგერიელი თავდამსხმელის „პარკ დე პრენსზე“ მიყვანა გასულ სეზონშიც სცადეს – ის ახლოს იცნობს გუნდის სპორტულ დირექტორს, ლუის კამპოსს, რომელმაც ოსიმენი „ნაპოლიში“ გადასვლამდე „ლილში“ მიიყვანა. ლუის ენრიკეს რამდენიმე ფეხბურთელის შეძენა სურს, რომლებსაც სეზონში, მინიმუმ, 20 გოლის გატანა შეუძლიათ, ესპანელი სპეციალისტი ოსიმენისა და კვარაცხელიას დამატებით, წესით, კმაყოფილი დარჩება.

მიუხედავად იმისა, რომ მბაპეს წასვლა პსჟ-ისთვის დიდი დარტყმაა, შესაძლოა, გუნდი მის გარეშე უფრო დაბალანსდეს – ლუის ენრიკეს აღარ მოუწევს ეგოისტი სუპერვარსკვლავის მართვა. ამის ნაცვლად შეუძლია, კონცენტრირება მოახდინოს ახალგაზრდული და ტიტულებზე დაგეშილი გუნდის აშენებაზე“, – წერს იტალიური გამოცემა.