La Gazzetta dello Sport-ი - კვარაცხელიას აგენტი „ნაპოლისგან“ ხელფასის 5 მილიონამდე გაზრდას ითხოვს #1TVSPORT
La Gazzetta dello Sport-ი - კვარაცხელიას აგენტი „ნაპოლისგან“ ხელფასის 5 მილიონამდე გაზრდას ითხოვს #1TVSPORT

„ნაპოლი“ ხვიჩა კვარაცხელიასთან კონტრაქტის გახანგრძლივების განსახილველად ემზადება. კლუბში დარწმუნებულები არიან, რომ „ბარსელონა“ კვარაცხელიას გადაბირებას ვერ მოახერხებს, – წერს იტალიური გამოცემა La Gazzetta dello Sport-ი.

„ნეაპოლში ამ დღეებში წვიმაა მოსალოდნელი. ამჯერად, შესაძლოა, ამინდი არ იყოს ერთადერთი ფაქტორი, რომელიც ზეგავლენას მოახდენს ნეაპოლელთა განწყობაზე – იმის გამო, რომ რაღაც დიდი მწიფდება და გულშემატკივრები ელიან დიდ ამბებს. შესაძლოა, მათ დაიბრუნონ ღიმილი თვეების შემდეგ, რადგან ხვიჩა კვარაცხელიას მენეჯერთან კონტრაქტის გახანგრძლივების საკითხი უნდა განიხილონ.

მისი აგენტი მამუკა ჯუღელი ნეაპოლშია. ის ელოდება პრეზიდენტის ზარს და იმის აღიარებას, რომ ვარსკვლავური სეზონის შემდეგ კვარაცხელიას როლს აღიარებენ. ხვიჩას სურს ტოპფეხბურთელის კონტრაქტი, როგორც შეეფერება მას, ვინც თითქმის უცნობი მოთამაშეობიდან ოქროს ბურთის რეიტინგში მე-17 ადგილზე გავიდა.

ხელშეკრულების ვადის გახანგრძლივების საკითხი მალე უნდა გადაწყდეს, რათა ფეხბურთელმა საქართველოს ნაკრებისთვის პირველ ისტორიულ ევროპის ჩემპიონატზე სხვა საზრუნავის გარეშე ითამაშოს. მხარეების პოზიცია ცნობილია: კვარას გარემოცვას ხელფასის მნიშვნელოვანი ზრდა სურს და საწყისი მოთხოვნა იქნება 5 მილიონი პლუს პრემიები. ნაკლებად სავარაუდოა, რომ დე ლაურენტისი ამას დათანხმდეს, მაგრამ არსებობს სურვილი, ხვიჩას მაქსიმალურად ასიამოვნოს და ახალი პროექტის ქვაკუთხედად აქციოს. ამდენად, პრეზიდენტს შეუძლია, შესთავაზოს 4 მილიონი, პლუს ბონუსები (შესაძლოა, ადვილად მისაღწევი იყოს 4.5 მილიონი). Მაგრამ საკმარისი იქნება ეს?

კვარას კონტრაქტი 2027 წლამდე აკავშირებს. მისი აგენტი მოლაპარაკებისას „ბარსელონას“ ინტერესსაც გამოიყენებს. თუმცა კატალონიაში ჯერ არ არსებობს შესაფერისი საფუძველი, ხვიჩას დამატებაზე რომ იფიქრონ. დე ლაურენტისი ქართველი ტალანტის ტრანსფერს 120-დან 130 მილიონ ევრომდე აფასებს. კონტრაქტის დასრულებამდე სამი წელი დარჩა და თამაშის პირობებს „ნაპოლის“ პრეზიდენტი კარნახობს.

რეალურად, „ნაპოლის“ პრეზიდენტი კვარას გაყიდვას არ აპირებს და ამიტომ გუნდის ვარსკვლავს მხოლოდ განსაკუთრებულ შეთავაზების შემთხვევაში გაუშვებს. როდესაც უკვე იძულებულია, ოსიმენს დაემშვიდობოს, ცხადია, დე ლაურენტისისთვის ძალიან რთული იქნება საჩემპიონო სეზონის ორ მთავარ გმირთან ერთდროულად დამშვიდობება. ამ მიზეზით, არ არის გამორიცხული, რომ დე ლაურენტისი დათანხმდეს 100-მილიონიან გამოსყიდვის პუნქტს. ხვიჩა ნეაპოლში თავს კარგად გრძნობს, მამამისი ბადრიც დარჩენის მომხრეა. ყველაფერი დე ლაურენტისის გადასაწყვეტია – უნდა გავიდეს მოედანზე და ეს მატჩი მოიგოს“, – წერს გამოცემა.