კაცების „მასტერსის“ პარალელურად, ცინცინატიში ქალების უმაღლესი კატეგორიის ტურნირიც მიმდინარეობს და იქ მეორე წრის ბარიერის გადალახვა ვერ შეძლო მსოფლიოს ყოფილმა პირველმა ჩოგანმა სერენა უილიამსმა.
ამერიკელი კარიერაში მეშვიდედ ხვდებოდა ჩეხ პეტრა კვიტოვას და ბევრის შეფასებით, ამ სეზონში საუკეთესო თამაში აჩვენა, მაგრამ მაინც დამარცხდა სამ სეტში – 3:6, 6:2, 6:3.სერენა ამ მატჩს ცინცინატიში 12-მატჩიანი მოგებათა სერიით შეხვდა. პირველი ორი სეტის სცენარი თითქმის ერთნაირი იყო – ჯერ კვიტოვამ მოიგო ორი ბრეიკი და გაიმარჯვა საწყის სეტში, მეორე პარტიაში კი უკვე სერენამ შეასრულა ორი ბრეიკი.
მესამე სეტი კვიტოვამ საკუთარი მოწოდების წაგებით დაიწყო და უილიამსს მოგების რეალური შანსი მისცა, მაგრამ ჩეხმა იქვე შეძლო უკუბრეიკის შესრულება, მეტოქე საკუთარ გეიმებში უშანსოდ დატოვა და საბოლოოდ, მეექვსე გეიმში გაკეთებული ბრეიკით მოამთავრა საქმე.
კვიტოვა მეორე ჩოგბურთელი გახდა ამ სეზონში სიმონა ჰალეპის შემდეგ, ვინც წელს 40 მატჩი მოიგო. ჩეხი სეზონის ლიდერია 5 მოპოვებული ტიტულით. მერვედფინალში მისი მეტოქე ფრანგი კრისტინა მლადენოვიჩი იქნება.