კვირკველია მოსკოვის „ლოკომოტივთან“ კონფლიქტს უარყოფს - მალე ასი პროცენტით მზად ვიქნები
საბა კვირკველია საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვლადიმირ ვაისმა სექტემბრის სანაკრებო შეკრებაზე გამოიძახა, მაგრამ ჯერ უცნობია, დაეხმარება თუ არა მოსკოვის „ლოკომოტივის“ მცველი „ჯვაროსნებს“ სამხრეთ კორეასთან (5 სექტემბერს) და დანიასთან ევრო 2020-ის შესარჩევ შეხვედრებში (8 სექტემბერს).
საქართველოს ნაკრების 27 წლის მცველი მაისში მიღებული ტრავმის შემდეგ ვერ თამაშობს. საბამ რუსულ გამოცემა „ჩემპიონთან“ ვრცელ ინტერვიუში განაცხადა, რომ შესაძლოა, რუსეთის პრემიერლიგის უახლოესი თამაშიც გამოტოვოს.
„სერიოზული ტრავმა მქონდა. გასულ სეზონში, „უფასთან“ თამაშის დროს, წვივის კუნთები დამეჭიმა – ეს მოხდა იმის გამო, რომ გასულ სეზონში ძალიან ბევრი ვითამაშე, თითქმის პაუზის გარეშე. შემდეგ შეკრება გამოვტოვე და ინდივიდუალურად ვვარჯიშობდი. როდესაც ფეხბურთელს ამდენი უცდება, ფორმაში შესვლაც ჭირს. მცირე ხნის ტკივილები ისე მაწუხებდა, წინ ვარჯიშიც მიჭირდა, მაგრამ ახლა ყველაფერი წესრიგშია და მალე ასი პროცენტით მზად ვიქნები. ტკივილები აღარ მაწუხებს და ეროვნულ ნაკრებში წასვლის უფლებაც მომცეს. თუმცა, საეჭვოა, „როსტოვთან“ (31 აგვისტოს) ვითამაშო. ალბათ, მინდორზე დაბრუნებას სანაკრებო პაუზის შემდეგ შევძლებ“, – ამბობს კვირკველია.
არსებობს ვერსია, რომ საბას მოტივაციის პრობლემა შეექმნა, რადგან ინგლისის პრემიერლიგის „ლესტერში“ არ გაუშვეს.
„ინგლისში წასვლა რომ მომენდომებინა, წავიდოდი. „ლესტერის“ შეთავაზება მაშინ მივიღე, როდესაც „ლოკომოტივი“ ჩემპიონი გახდა. მაგრამ არაფერს ვნანობ. დავრჩი და მიხარია, რომ ჩემპიონთა ლიგაზე ზედიზედ მეორედ ვითამაშებთ. რაც შეეხება არასპორტულ მიზეზებზე ვარაუდებს, მე უბრალოდ ტრავმირებული ვიყავი. არ მესმის, რაზეა საუბარი. ზოგი ასეთი ტრავმის გამო ექვსი თვე მკურნალობს. მერწმუნეთ, მე ყველასთან კარგი ურთიერთობა მაქვს“, – განაცხადა კვირკველიამ.