კვირიკაშვილს უეფა-მ ნდობა გამოუცხადა - ქართველი ევროთასებზე მთავარ არბიტრად მიავლინეს #1TVSPORT
კონფერენს ლიგაზე ერთმანეთს კაუნასის „ჟალგირისი“ და გიბრალტარის „ევროპა“ დაუპირისპირდებიან. მატჩი 15 ივლისს ლიეტუვის ქალაქ მარიამპოლეში გაიმართება. უეფა-ს გადაწყვეტილებით, ტურნირის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩს ქართველი მსაჯები განსჯიან.
ფეხბურთის ფედერაციის ცნობით, ამ მატჩის მთავარი არბიტრი ირაკლი კვირიკაშვილი იქნება. მას ასისტენტობას დავით ახვლედიანი და დავით ჩიგოგიძე გაუწევენ, მეოთხე მსაჯი კი გოგა კიკაჩეიშვილია.
ირაკლი კვირიკაშვილისთვის, „ჟალგირისი“ – „ევროპა“, საერთაშორისო დონეზე პირველი მატჩია, რომელსაც ის მთავარი არბიტრის როლში განსჯის.მას ქართულ სამსაჯო ბრიგადასთან ერთად უეფა-ს ეგიდით გამართული სხვადასხვა დონის შეხვედრებზე უმუშავია.
ახლახანს კვირიკაშვილმა უეფა-ს 21-წლამდე ფეხბურთელთა ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპის სამ მატჩსა და ფინალზე იმსაჯა – გერმანიისა და პორტუგალიის მატჩი, სადაც მთავარი არბიტრი გიორგი ყრუაშვილი გახლდათ, ირაკლი კვირიკაშვილი კი მეოთხე მსაჯად მუშაობდა.