კვიპროსული მედია - შესაძლოა, „ანორთოსისში“ კაჭარავა ქვილითაიამ შეცვალოს
კვიპროსული გამოცემა „ფილნიუსის“ ცნობით, თემურ ქეცბაიამ ნიკა კაჭარავას წასვლის შემდეგ თავის სატრანსფერო სიას გადახედა და სავარაუდოდ, მას ისევ საქართველოს ნაკრების თავდამსხმელს – გიორგი ქვილითაიას დაამატებს.
„მოგწონთ თუ არა, თემურ ქეცბაიამ კვლავ გახსნა თავისი რვეული და ცენტრალური თავდამსხმელის ძებნა დაიწყო. ბოლოს ასეთი მიხალის მანიასი იყო. ახალ კანდიდატებს შორისაა გიორგი ქვილითაია. „გენტის” 26 წლის ქართველი თავდამსხმელი მზად არის სათამაშოდ, რადგან სამშაბათს სკოპიელებთან (კვიპროსელები ასე უწოდებენ ჩრდილოეთ მაკედონიას) თავისი ქვეყნის ნაკრების ძირითად შემადგენლობაში ითამაშა. ფეხბურთელს იცნობს ფამაგუსტას გუნდის ტექნიკური ხელმძღვანელობა. ახალ სეზონში მას „გენტში“ საერთოდ არ უთამაშია, არადა, ბელგიელებმა ოთხი მატჩი ჩაატარეს. გასულ სეზონში კი 23 ლიგის მატჩში სასტარტოში მხოლოდ რვაჯერ დააყენეს და ერთი გოლი გაიტანა“, – წერს „ფილნიუსი“.
მთლიანობაში, ქვილითაიამ ბელგიურ კლუბში 34 მატჩი ჩაატარა, გაიტანა სამი გოლი და ექვსი საგოლე პასი გააკეთა. „ფილნიუსი“ დარწმუნებულია, რომ „გენტის“ 26 წლის ქართველი თავდამსხმელი კვიპროსში გადავა: „ქეცბაიას გამო, გიორგი ქვილითაიას შემდეგი დანიშნულების სავარაუდო პუნქტი „ანორთოსისი“ უნდა იყოს. ცნობილია, რომ ფამაგუსტას კლუბი ნიკა კაჭარავას ტრანსფერში პოლონური პოზნანის „ლეხიდან“ 250 000 ევროს მიიღებს და გუნდი ამ თანხის ნაწილის ტრანსფერში დახარჯვას აპირებს“.