კვიპროსული მედია ლორიას „ანორთოსისში“ დარჩენაზე - მასთან კონტრაქტის გახანგრძლივებამ გულშემატკივრები გაახარა #1TVSPORT
გიორგი ლორია „ანორთოსისთვის“ მნიშვნელოვანი ფიგურაა და ქართველმა მეკარემ გუნდში დარჩენა დაიმსახურა – ასე აფასებს ქართველი მეკარის მიერ თემურ ქეცბაიას გუნდთან გაფორმებულ ახალ კონტრაქტს კვიპროსული რადიო „სპორტ ფმ“-ის ჟურნალისტი.
მან დაიმსახურა ახალი კონტრაქტი
„გიორგი ლორიას „ანორთოსისის“ გულშემატკივრებში წარდგენა არ სჭირდება. ქართველი მეკარე ზედიზედ მესამე სეზონია გუნდშია და ლიგაში საუკეთესო მეკარეთა შორისაა. მასთან კონტრაქტის გახანგრძლივების ოფიციალურ განცხადებას გულშემატკივრებისგან მხოლოდ დადებითი გამოხმაურება მოჰყვა. გუნდის ხელმძღვანელობამ აღნიშნა, რომ ქართველ მეკარესთან თანამშრომლობის განახლება 2024 წლის ზაფხულამდე იქნება და ამით თანამშრომლობა ხუთ წლამდე გაგრძელდება. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ლორია „ანორთოსისის“ კარს 38 წლამდე დაიცავს.
36 წლის ასაკში ლორიას რთული მატჩების ჩატარების გამოცდილება გააჩნია. მას უფრო მაღალი დონის ლიგებში უთამაშია და „ანორთოსისში“ გატარებული პირველი სეზონიდან აჩვენა, რომ კარში საიმედოდ დგას. გასულ სეზონში ის არ იყო ისეთივე დამაჯერებელი, როგორც პირველში, მაგრამ წელს ის მაღალ დონეზე დაბრუნდა და შესანიშნავი თამაშები ჩაიწერა.
რა თქმა უნდა, მეკარის თამაშზე დაცვის მოქმედება დიდ გავლენას ახდენს. მიმდინარე სეზონში თემურ ქეცბაიას „ანორთოსისი“ ძალიან რთულ მდგომარეობაშია, რადგან გუნდი ბევრ ქულას კარგავს. მაგრამ ფაქტია, რომ ამ ყველაფერში ქართველი მეკარის პასუხისმგებლობა უმნიშვნელოა“, – წერს გამოცემა.