კვიპროსული გამოცემა - ქვილითაია „პაფოსთან“ მატჩს გამოტოვებს #1TVSPORT
გიორგი ქვილითაია კვიპროსის ჩემპიონატის ბოლო ტურის უმნიშვნელოვანეს შეხვედრაში „აპოელს“ ვერ დაეხმარება – ინფორმაციას კვიპროსული გამოცემა „სიგმალაივი“ ავრცელებს.
კვიპროსის 1 დივიზიონის დასკვნითი, მე-10 ტურის წინ „აპოელი“ სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზეა და გასვლით შეხვედრაში „პაფოსთან“ მოგება სჭირდება, ჩემპიონთა ლიგის საგზური რომ მოიპოვოს. ამიტომ გადამწყვეტ მატჩში გუნდის ვიცე-კაპიტნის მოედანზე არ ყოფნა ნიქოზიური კლუბისთვის დიდი დანაკლისია.
მე-10 ტურის დასკვნით შეხვედრაში ჩემპიონთა ლიგაზე გასვლის შანსს თემურ ქეცბაიას და გიორგი ლორიას „ანორთოსისიც“ ინარჩუნებს, რომელიც 21 მაისს „არისს“ მასპინძლობს, „აპოელი“ კი „პაფოსთან“ გასვლაზე 22 მაისს ითამაშებს.
„გასულ კვირას, „ანორთოსისთან“ საშინაო მატჩში (1:1) ქვილითაია განაცხადში იყო და მოედანზე 69-ე წუთზე შევიდა. ქართველი თავდამსხმელი კვლავ გამოჩნდა ტრავმის შემდეგ, რადგან გუნდის მთავარმა მწვრთნელმა სოფრონის ავგუსტიმ ჩათვალა, რომ ის მზად იქნებოდა „პაფოსთან “ მატჩისთვის – ანტონ მაგლიკასთან ერთად. მაგრამ ხორვატი ვარჯიშობს და ბოლო მატჩში იქნება, მაგრამ ქართველმა პრობლემა ბოლომდე ვერ დაძლია და სეზონის ბოლო თამაშს გამოტოვებს. ქვილითაია, ისევე როგორც ლეო ნატელი, არის იმ მოთამაშეების სიაში, რომლებიც შეხვედრას გამოტოვებენ“, – წერს გამოცემა.
ამავე დროს, გამოცემა ამტკიცებს, რომ ქვილითაია ახალ სეზონში ისევ „აპოელში“ ითამაშებს.
„ქართველი თავდამსხმელი ბოლო მატჩს გამოტოვებს. მაგრამ ახალი სეზონიდან სოფრონის ავგუსტისის განკარგულებაში იქნება, რომელიც „აპოელის“ გაძლიერებას ითვალისწინებს“.