კვიპროსული გამოცემა ქეცბაიას მეკარის დამატებისთვის აკრიტიკებს - არ გვინდა უცხოელი, რომელიც ჩვენს ჩემპიონატს „მოწამლულს“ უწოდებს #1TVSPORT
კვიპროსული გამოცემა ქეცბაიას მეკარის დამატებისთვის აკრიტიკებს - არ გვინდა უცხოელი, რომელიც ჩვენს ჩემპიონატს „მოწამლულს“ უწოდებს #1TVSPORT

თემურ ქეცბაიამ მეკარეების პრობლემის მოსაგვარებლად კვიპროსის ნაკრებში თამაში ნიქოზიის „ოლიმპიაკოსის“ შვეიცარიელ მეკარეს, ჯოელ მოლს შესთავაზა, რომელმაც წინადადება სიამოვნებით მიიღო, კვიპროსის მოქალაქეობის მიღების პროცედურა დაიწყო და შესაძლოა, 17 ივნისს ევრო 2024-ის შესარჩევ ჯგუფის მატჩში საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ ითამაშოს.

შვეიცარიაში დაბადებული ჯოელ მოლი, რომელიც 32 წლისაა, კვიპროსში 2018 წელს გადავიდა და ამ ქვეყანაში ხუთი წელი გაატარა. ის გამოდიოდა „ოლიმპიაკოსში“, „პაფოსში“, „აპოლონში“ და ლარნაკას აეკ-ში. თუმცა, კვიპროსელებს მასთან კონკრეტული პრეტენზია აქვთ, რადან შარშან შვეიცარიულ მედიაში განაცხადა, რომ კვიპროსში ფეხბურთისადმი ინტერესი დაკარგა.

„მოლმა ახლა უნდა წარმოადგინოს ქვეყანა, სადაც, როგორც თქვა, „დაკარგა ფეხბურთის სიყვარული“. ერთი წლის წინ ჯოელ მოლმა, რომელიც ხუთი წელია კვიპროსზე ცხოვრობს, ყველაზე ცუდი რამ თქვა ჩვენს ფეხბურთზე. ახლა ის მზად არის, ატაროს კვიპროსის გერბი და წარმოადგინოს ყველა ჩვენგანი, ეროვნული ნაკრების გულშემატკივრები, ევროს საკვალიფიკაციო ეტაპზე. ე.ი. ნაკრების კარში იქნება ის, ვინც კვიპროსულ ფეხბურთს „მოწამლულს“ უწოდებს და ჩვენს ქვეყანაში სპორტის ხალისი დაკარგა.

მეტი ცილისწამების მოგონება არ შეიძლებოდა. ამ დროს, ზოგიერთებმა გადაწყვიტეს, ის ნაკრებში ადგილით და პასპორტით დააჯილდოებინათ, სანამ ჩვენი შვილები შანსს ელოდებიან. უკაცრავად, მაგრამ ეს რას ჰგავს? რამდენად ღირებულია ეს მეკარე, რომ მოქალაქეობა მივანიჭოთ და მისი სიტყვები რეკორდულ დროში დავივიწყოთ?“ – ასე გამოეხმაურა გამოცემა Cyprustimes-ი ქეცბაიას გადაწყვეტილებას.

აი, რა თქვა ჯოელ მოლმა შვეიცარიულ გამოცემებთან ზუსტად ერთი წლის წინ:

„ოჯახს გვინდოდა დარჩენა, იქ ცხოვრება მართლაც მშვენიერია, მაგრამ, როგორც ფეხბურთელი, უფრო და უფრო ვკარგავდი სიხარულს. კვიპროსში ფეხბურთი ისეა მოწამლული, მე უკვე აღარ მსურს ამასთან გაიგივება. თუმცა, ძალიან მადლობელი ვარ იმ სპორტული და ადამიანური გამოცდილებისთვის, რაც იქ ოთხი წლის განმავლობაში მივიღე.

ახლა არაფრისთვის მზად აღარ ვარ. ოჯახი ბედნიერი უნდა იყოს. სპორტულმა გამოწვევამ უნდა აღმაფრთოვანოს. ფეხბურთელისთვის ფულის შოვნის დრო შეზღუდულია, ფინანსური მდგომარეობაც სწორი უნდა იყოს. ახლა მე მჭირდება კლუბი, რომელშიც პრიორიტეტი კეთილსინდისიერება იქნება“.