კვიპროსული გამოცემა - ლორიას „ანორთოსისი“ ახალ კონტრაქტს შესთავაზებს #1TVSPORT
კვიპროსის ჩემპიონატის ბოლო ტურში თემურ ქეცბაიას „ანორთოსისმა“ გასვლაზე ქართველი სამეულის (ოქრიაშვილი, ქვილითაია, დაუშვილი) „აპოელი“ 2:0 დაამარცხა და მეორე ადგილზე დაწინაურდა.
კვიპროსული გამოცემა „ბალაში“ გამოქვეყნდა წერილი, რომლის მთავარი აზრი ისაა, რომ ეს გამარჯვება ფამაგუსტელებმა გიორგი ლორიას შესანიშნავი თამაშის წყალობითაც მოიპოვეს. ამას გარდა, ავტორი ამტკიცებს, რომ „ანორთოსისი“ საქართველოს ნაკრების 36 წლის მეკარეს ახალ ხელშეკრულებას შესთავაზებს.
თქვენ გაუშვებდით ასეთ მეკარეს?
„შესაძლოა, „ანორთოსისშიც“ (ზოგიერთი გულშემატკივარი და არამარტო) გიორგი ლორიაში ეჭვი ეპარებოდათ და თვლიდნენ, რომ გუნდს მეტს ვერაფერს მისცემდა. ზოგიერთ მათგანს შეიძლება რაღაც მომენტში ეგონა, რომ პირველი მეკარე სხვა უნდა ყოფილიყო, მაგრამ ქეცბაიამ მათზე უკეთ იცის, ქართველი მეკარის გამოცდილება და კლასი რას ნიშნავდა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარემ არამარტო გაამართლა მწვრთნელის ნდობა, არამედ დაამტკიცა თავისი სიტყვები, როდესაც საჯაროდ განაცხადა, რომ თავს ძალიან ძლიერად, სრულ მზადყოფნაში გრძნობდა – ამით ფაქტობრივად, „ხელთათმანიც“ ესროლა ანორთოსისს, რათა კონტრაქტი განაახლონ. ლორია „აპოელთან“ მატჩში განუმეორებელი იყო ტოპ-სეივებით, რომელმაც ამ შეხვედრაში გადამწყვეტი როლი ითამაშა და სულაც არ ჰგავდა 36 წლის მეკარეს.
ჩვენ ვიტყოდით, რომ ასეთი ფიზიკური მდგომარეობით და ზოგადად, თავისი კლასით გზავნის მესიჯს, რომ ლორიას ვერავინ გაუშვებს. რა თქმა უნდა, სანამ ქეცბაია „ანორთოსისის“ მწვრთნელია, გამორიცხულია, რომ ლორიას ახალ სეზონში დარჩენა არ შესთავაზოს – მხოლოდ დროის საკითხია, „ანორთოსისის“ ხელმძღვანელობა ქართველთან მოლაპარაკებას როდის დაიწყებს, რათა კონტრაქტი მინიმუმ 2022-23 სეზონის ბოლომდე გაახანგრძლივონ.“