კვიპროსული გამოცემა - აპოელ-ს გამოჯანმრთელებული დვალი და კარგ ფორმაში მყოფი ქვილითაია სჭირდება #1TVSPORT
3 დეკემბერს აპოელ-ი, რომელშიც ლაშა დვალი და გიორგი ქვილითაია თამაშობენ, კვიპროსის ჩემპიონატში დოქსა-ს შეხვდება.
მანამდე გუნდმა მე-12 ტურის შეხვედრა წააგო ჩემპიონ არის-თან, ორივეს 26-26 ქულა გაუხდა და ქართველების გუნდმა ერთპიროვნული ლიდერობა დაკარგა. კვიპროსული გამოცემა „ალფანიუსის“ შეფასებით, გუნდის დაცვას ლაშა დვალის არყოფნა ძალიან დაეტყო.
„ნიქოზიის აპოელ-ი სეზონში მეორედ დამარცხდა. მიზეზი ბევრია, თუმცა არის-თან ქულა მაინც შეეძლო აეღო. აპოელ-ს ტიტულისკენ მიმავალ გზაზე ჯანმრთელი დონისი და უილსონი სჭირდება, ხოლო დვალის დაბრუნება გუნდს აშკარად მეტ ენერგიას შემატებს.
აპოელ-ს ასევე დაეხმარებიან კარგ ფორმაში მყოფი ტომანე და ქვილითაია, რომელიც ტრავმის შემდეგ ფსიქოლოგიური სტრესიდან გამოსვლას და ძველებურად თამაშს ცდილობს“, – წერს „ალფანიუსი“.
თუმცა, ლაშა დვალი აპოელ-ს დოქსას-თან მატჩში ვერ დაუბრუნდება. ამის შესახებ sport-fm-ის გვერდი იუწყება:
„ტრავმის შემდეგ ლაშა დვალი რეაბილიტაციის პროცესს გადის და, სავარაუდოდ, ის მოედანზე მალე დაბრუნდება, თუმცა დოქსას-თან ვერ ითამაშებს“.