კვიპროსის ჩემპიონატის მე-15 ტურში ფამაგუსტას „ანორთოსისი“ „პაფოსს“ უმასპინძლებს. თემურ ქეცბაია და გუნდის გულშემატკივრები კი ნერვიულობენ, რადგან ჯერ კიდევ უცნობია, დაეხმარება თუ არა „ანორთოსისს“ თორნიკე ოქრიაშვილი, რომელიც გუნდისთვის უმნიშვნელოვანესი ფიგურაა.
კვიპროსულმა გამოცემა „სიგმალაივმა“ საინტერესო სტატისტიკა გამოაქვეყნა, საიდანაც ჩანს, რომ ქართველი შემტევის გარეშე გუნდს მოგება უჭირს.
„მალე გაირკვევა, ოქრიაშვილს შეუძლია თუ არა „პაფოსთან“ თამაში. მისი არყოფნა „ანორთოსისს“ ძვირად დაუჯდა. ქართველმა ფეხბურთელმა უკვე ოთხი მატჩი გამოტოვა, გუნდმა კი მხოლოდ ერთი გამარჯვება მოიპოვა. ფამაგუსტას გუნდი ახლა კრიზისშია და კონკურენტებს ჩამორჩა, რადგან „ჰერმესთან“ ფრემ გუნდს პრობლემები შეუქმნა. ოქრიაშვილის ტრავმა „ანორთოსისს“ ქულების დაკარგვად დაუჯდა, რადგან გუნდს ამ მატჩებში ქართველი ნახევარმცველის კლასი დააკლდა. მის მდგომარეობას კიდევ ერთხელ შეაფასებენ და იტყვიან, თორნიკე გუნდს დაეხმარება თუ არა“, – წერს კვიპროსული გამოცემა.
თორნიკე ოქრიაშვილმა ბოლოს 12 ნოემბერს საქართველოს ნაკრებში ჩრდილოეთ მაკედონიასთან ევროპის ჩემპიონატის პლეი ოფის ფინალში ითამაშა. თორნიკე რეაბილიტაციას აგრძელებს და წინასწარი შეფასებით, ოქრიაშვილი „პაფოსთან“ თუ ვერ ითამაშებს, მზადყოფნაში 22 დეკემბრის მატჩისთვის მაინც უნდა იყოს, როდესაც „ანორთოსისი“ პრინციპულ მეტოქეს, „ომონიას“ შეხვდება.