ფამაგუსტას „ანორთოსისის“ საუკეთესო ტრანსფერი ქართველ თავდამსხმელის, გიორგი ქვილითაიას დამატება იყო, – ამის შესახებ კვიპროსული გამოცემა „სიგმალაივი“ წერს.
„თუ ვსაუბრობთ „ანორთოსისის“ საუკეთესო ტრანსფერზე, მაშინ უყოყმანოდ გიორგი ქვილითაისთან მივდივართ. ქართველი შესანიშნავი ცენტრფორვარდია. საქმე მხოლოდ ის არ არის, რომ შვიდი გოლი გაიტანა. ფაქტია, რომ ქვილითაიამ იცის გოლის გატანა ფეხით და თავით. აშკარაა, რომ მას გოლის ალღო გააჩნია“, – წერს გამოცემა.
გარდა ამისა, „სიგმალაივმა“ ქართველი სხვა თვისებებიც გამოარჩია, რომელიც 27 წლის თავდამსხმელს გუნდისთვის სასარგებლოს ხდის.
„არსებობს სხვა ელემენტებიც, რომლებიც, ზოგადად, სრულფასოვან სურათს ქმნიან. გავიხსენოთ „პაფოსთან“ გოლი. ქვილითაია ფლანგზე გავიდა, მეტოქეს უბიძგა, ბურთი აართვა და მარგასას გადააწოდა. როგორც წესი, ქართველი მცველებზე დიდ ზეწოლას ახდენს და ეს ყოველთვის საგრძნობია. ის ერთ ადგილას არასდროს დგას და თავისი გუნდის დაცვით და შეტევით მცდელობებში აქტიურად მონაწილეობს. ამავე დროს მან იცის ბურთი, არის კარგი ასისტენტი და გამთამაშებელიც კი. გიორგის აქვს შესანიშნავი უნარი, როდესაც მოწინააღმდეგე მცველი უხეშობით აჩერებს, ბურთი შეიმაგროს. ეს და სხვები (დისციპლინა, სიმშვიდე) ახასიათებს ქვილითაიას“.