კვიპროსში სეზონი შეაჩერეს - ფეხბურთელთა მსოფლიო გაერთიანება გადაწყვეტილებას აკრიტიკებს
კვიპროსში სეზონი შეაჩერეს - ფეხბურთელთა მსოფლიო გაერთიანება გადაწყვეტილებას აკრიტიკებს

უეფას, თემურ ქეცბაიას და „ანორთოსისის“ წინააღმდეგობის მიუხედავად, კვიპროსის ფეხბურთის ფედერაციამ ჩემპიონატის შეწყვიტა და ჩემპიონად პირველადგილოსანი „ომონია“ გამოცხადდა, ხოლო „ანორთოსისი“ – ვიცე-ჩემპიონად და ევროპის ლიგაზე ითამაშებს.

გადაწყვეტილებას მხოლოდ თემურ ქეცბაიას გუნდი, ფამაგუსტას „ანორთოსისი“ და კვიპროსის ფეხბურთელთა გაერთიანება შეეწინააღმდეგნენ. „ანორთოსისი“ ჩემპიონობისთვის იბრძოდა და უკმაყოფილოა, რომ ამ შანსის გამოყენების უფლება წაართვეს. გუნდმა გააკეთა განცხადება, სადაც წერია, რომ საკუთარი უფლებების დასაცავად, ყველა იურიდიულ ნორმას გამოიყენებს.

გადაწყვეტილება ფეხბურთელთა საერთაშორისო პროფკავშირებმაც (ფიფპრო) გააკრიტიკა.

„კვიპროსის ფეხბურთის ფედერაციის მიერ ჩემპიონატის შეჩერებამ ფიფპროში გაოცება გამოიწვია. ეს მოხდა მას შემდეგ, როდესაც ქვეყნის მთავრობამ სპორტული ღონისძიებების განახლების გეგმა დაამტკიცა. ეს გადაწყვეტილება ათასობით პროფესიონალი ფეხბურთელის ყოველდღიურ ცხოვრებაზე მოახდენს გავლენას. ეს იმ დროს, როდესაც სხვა სფეროები ჩვეულ რეჟიმს უბრუნდებიან. გარდა ამისა, კვიპროსის ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილება მიღებულია უეფას მიერ დათქმულ იმ ვადამდე ათი დღით ადრე, რომლამდეც ლიგებს თამაშების განახლების გეგმა უნდა წარმოედგინათ. ფიფპრო მხარს უჭერს კვიპროსის ფეხბურთელთა კავშირს, რომელიც ცდილობს დაიცვას მოთამაშეთა უფლებები“, – ვკითხულობთ ფიფპროს წერილში.

23 ტურის შემდეგ თემურ ქეცბაიას გაწვრთნილმა „ანორთოსისმა“ და მისმა კონკურენტმა ნიქოზიას „ომონიამ“ 46-46 ქულა დააგროვეს. თემურ ქეცბაიას გუნდი მეტოქეს 21-ე ტურამდე ასწრებდა, „ომონია“ მხოლოდ ამის შემდეგ გაუთანაბრდა და მართალია, ქულებით ვერ გაასწრო, თუმცა პირველ ადგილზე ურთიერთშეხვედრებში უკეთესი ბალანსის წყალობით გავიდა.