კვიპროსში ქართველების გუნდები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ - „ანორთოსისი“ მსაჯთა პრეზიდენტის გადადგომას ითხოვს, ორგანიზაციის შენობა დაარბიეს #1TVSPORT
კვიპროსში ქართველების გუნდები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ - „ანორთოსისი“ მსაჯთა პრეზიდენტის გადადგომას ითხოვს, ორგანიზაციის შენობა დაარბიეს #1TVSPORT

კვიპროსში ქართველების გუნდები ერთმანეთს დაპირისპირდნენ – ჩემპიონატის მე-5 ტურში თემურ ქეცბაიას „ანორთოსისმა“ შინ ნიქოზიას „აპოელი“ 2:1 დაამარცხა. მატჩის შემდეგ მოვლენები სკანდალურად გაგრძელდა.

სტუმრებმა მსაჯის გადაწყვეტილებები გააპროტესტეს, ხოლო მსაჯთა ასოციაციის პრეზიდენტმა, გეორგიოს პაპუტოსისმა განაცხადა, რომ VAR–ის გადაწყვეტილება „მესამე მხარის“ ჩარევით „ანორთოსისის“ სასარგებლოდ შეიცვალა და ამით „აპოელი“ დაზარალდა. მომხდართან დაკავშრებითანორთოსისმა“ საგანგებო განცხადება გაავრცელა.

„გუშინდელი მატჩი კიდევ ერთი დასტური იყო იმისა, რომ ზოგისთვის VAR–ის არსებობა არასასიამოვნო და მტკივნეულია. ჯერ ისინი ამას უარყოფით, შემდეგ კი რისხვით შეხვდნენ, ახლა კი დეპრესიაში არიან. ამიტომაც არ გვაკვირვებს ის უარყოფითი ემოციები, რომელიც მოჰყვა „აპოელთან“ მატჩს. ისინი ამტკიცებენ, რომ გადაწყვეტილებაში „მესამე ძალა“ ჩაერია. ეს ცნობილი, მაგრამ მოძველებული ტაქტიკაა“, – წერია „ანორთოსისის“ განცხადებაში.

თემურ ქეცბაიას კლუბმა მსაჯთა ასოციაციის პრეზიდენტის დაუყოვნებელი გადადგომა მოითხოვა, ხოლო გეორგიოს პაპუტოსისს საკუთარ სტადიონზე, „ანტონის პაპადოპულოსზე“ შესვლა აუკრძალა:

„რამდენიც გინდათ, შეარჩიეთ სასურველი კადრები, სადაც ნახავთ, რომ VAR სამართლიანი იყო და გამოიტანეთ დასკვნები ისე, როგორც ფიქრობთ. წარმატებებს გისურვებთ დეზორიენტაციის მცდელობებში. რომ არა VAR, ჩვენ აშკარა გოლს კვლავ არ ჩაგვითვლიდნენ. არ მივცემთ გეორგიოს პაპუტოსისს უფლებას, ჩაერიოს სამართლიან გადაწყვეტილებების შეცვლაში. ამიტომ, მოვუწოდებთ დაუყოვნებლივ გადადგეს მსაჯთა ასოციაციის პრეზიდენტი, რომლის შესვლაც დღეიდან „ანტონის პაპადოპულოს არენაზე“ უსასრულო ვადით აეკრძალა“.

ამავე დროს, „ანორთოსისმა“ გეორგიოს პაპუტოსისის განცხადებებზე გამოძიების დაწყება მოითხოვა:

„მოვითხოვთ, რომ შესაბამისმა ორგანიებმა დაუყოვნებლივ შეამოწმონ, ვინ არის „მესამე მხარე“ და VAR-ის გადაწყვეტილებების შეცვლაში ჩაერია თუ არა. ასევე, გასარკვევია, VAR–ზე მომუშავე პირთა და მსაჯების საუბარი როგორ გახდა ცნობილი „აპოელისთვის“, რასაც ნიქოზიას კლუბში აცხადებენ. მოვითხოვთ, ყველას შეგვატყობინოს მათი შინაარსის შესახებ. კარგი იქნება ეს საუბრები გასაჯაროვდეს“.

ასევე ცნობილი გახდა, რომ მსაჯთა ასოციაციის პრეზიდენტის, გეორგიოს პაპუტოსის ამ განცხადებების შემდეგ უცნობმა პირებმა მსაჯთა ასოციაციის შენობის მინები ჩაამსხვრიეს და ორგანიზაციის ხელმძღვანელთა მისამართით შეურაცხმყოფელი წარწერები გააკეთეს.