კვიპროსის ნაკრების კაპიტანი - თემურ ქეცბაიას დამსახურებაა, რომ ყველა ნაკრებთან მოსაგებად ვთამაშობთ #1TVSPORT
კვიპროსის ნაკრების კაპიტანმა, გრიგორის კასტანოსმა ევრო 2024-ის შესარჩევი ჯგუფში საქართველოს წინააღმდეგ ხვალინდელ მატჩამდე გამართულ პრესკონფერენციაზე გუნდში არსებულ ვითარებასა და იმ სიახლეზე ისაუბრა, რომელიც გუნდში თემურ ქეცბაიამ დანერგა.
„ხვალინდელი მატჩისთვის ძალიან სერიოზულად მოვეზადეთ და მწვრთნელის მითითებით მოედანზე მოსაგებად გავალთ. ჩვენ გვინდა, რომ ხალხი დაგვეხმაროს, რადგან ეს საქმეს გაგვიადვილებს. ხვალ თამაში ძალიან კარგ გუნდთან მოგვიწევს, მაგრამ სახლში ჩვენც კარგად ვთამაშობთ. ყველაფერს გავიღებთ, რაც გვაქვს და რაც არა გვაქვს, რომ სამი ქულა მოვიპოვოთ.
მივიჩნევ თუ არა თავს გუნდის ერთ-ერთ ლიდერად? 17 წლიდან ნაკრებში ვთამაშობ. ყოველთვის ვიყავი და ვიქნები ლიდერი, სანამ კარიერას არ დავასრულებ. ყოველი გამოძახების დროს ვცდილობ, ნაკრებში მაქსიმუმი გავაკეთო, რომ დავეხმარო თუნდაც ყველაზე პატარა ასაკის მოთამაშეებს. მე მჯერა, რომ ახლა უკეთეს მდგომარეობაში ვართ და შეგვიძლია გავაკეთოთ რაღაც ახალი და კარგი.
რა პერსპექტივები აქვს ამ გუნდს და რა სიახლე მოუტანა ქეცბაიამ ნაკრებს? პერსპექტივაზე საუბარი არ მსურს, რადგან ამაზე ყოველთვის ბევრს ვლაპარაკობთ. პერსპექტივა ხვალინდელი თამაშია. ჩვენ ყოველთვის რეალური მიზანი უნდა დავინახოთ და მის მისაღწევად ყველაფერი გავაკეთოთ – შესაძლოა, საკუთარ თავსაც უნდა გადავახტეთ, რადგან ჩვენ კვიპროსის ნაკრები ვართ.
მოედანზე რომ შეხვალ, გუნდთან ერთად თავს კარგად თუ იგრძნობ, შედეგიც მოვა. ჩვენი მწვრთნელის მოთხოვნაა, რომ ყველა ნაკრებთან მოსაგებად ვითამაშოთ. მნიშვნელოვანია, რომ ეს აზრი ყველა ფეხბურთელის გონებაში მყარად ჩაჯდეს. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც თემურ ქეცბაიამ მოგვიტანა“, – ამბობს კვიპროსის ნაკრების კაპიტანი.