კვიპროსის საფეხბურთო ჩემპიონატი მსაჯზე თავდასხმის გამო შეაჩერეს. ამის შესახებ ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური ვებგვერდი წერს.
პარასკევს, უცნობებმა 33 წლის მსაჯის ანდრეას კონსტანტინუს ავტომობილი ააფეთქეს. ასაფეთქებელი მოწყობილობა ღამის ორ საათზე ამოქმედდა და იმ დროს, არბიტრი მანქანაში არ იმყოფებოდა. ასაფეთქებელი მოწყობილობა ავტომობილის წინა ნაწილში იყო ჩამონტაჟებული.
ამ ინციდენტის მიმართ პროტესტის ნიშნად, მსაჯებმა უარი თქვეს ჩემპიონატის მატჩების მომსახურებაზე.
„უქმეებზე დაგეგმილი მატჩები გადაიდო მსაჯების პროტესტის გამო”, – წერია ფედერაციის განცხადებაში.
ფედერაციამ აფეთქებას ტერორისტული აქტი უწოდა. ორგანიზაციამ ასევე გამოაცხადა, რომ ამგვარი ქმედება აზარალებს კვიპროსულ ფეხბურთს და შიშის ატმოსფეროს თესავს მსაჯებში.
თავდასხმის მიზეზები, ჯერჯერობით, უცნობია. მიმდინარეობს გამოძიება. კონსტანტინუმ იმსაჯა შეხვედრა „დოქსა”-აეკ (2:2). თამაშის შემდეგ, აეკ-მა მსაჯობის გამო უკმაყოფილება გამოთქვა. ასევე ამ არბიტრმა იმუშავა სათასო შეხვერაში „აია-ნაპასა” და „პაფოსს” შორის, რომელიც საეჭვო ფსონების გამო, შესაძლოა, ჩაწყობილი იყო.
აღსანიშნავია, რომ ზუსტად ხუთი წლის წინ, კვიპროსელმა არბიტრებმა ერთკვირიანი გაფიცვა მოაწყვეს მას შემდეგ, რაც ლიმასოლში დამნაშავეებმა მსაჯის ტომას მუკოსის დების სახლის აფეთქება სცადეს.