კვიპროსის აპოელ-ში ქართველებს სტანიმირ სტოილოვი გაწვრთნის #1TVSPORT
ლაშა დვალისა და გიორგი ქვილითაიას აპოელ-ი მთავარ მწვრთნელს, პორტუგალიელ რიკარდო სა პინტუს თანამდებობას დაატოვებინებს და მის ნაცვლად ბულგარელ სტანიმირ სტოილოვს დანიშნავს – ინფორმაციას ბულგარული გამოცემა Blitz.bg-ი ავრცელებს.
„კვიპროსის აპოელ-ის მწვრთნელმა, რიკარდო სა პინტუმ „ანორთოსისთან“ შეხვედრისას მეტოქის მწვრთნელის ასისტენტს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, რისთვისაც კვიპროსის ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტმა ოთხი თვით დასაჯა.
აპოელ-ის ადმინისტრაციაში გადაწყვიტეს, რომ სა პინტუ თანამდებობაზე აღარ დატოვონ, კლუბი მასთან კონტრაქტს ვადაზე ადრე გაწყვეტს და არაეთიკური საქციელისთვის კომპენსაციასაც არ გადაუხდის. პორტუგალიელთან კონტრაქტის გაწყვეტა 9 ოქტომბერს ოფიციალურად დადასტურდება.
აპოელ-ის მთავარ მწვრთნელად კი ბულგარელ სტანიმირ სტოილოვს დანიშნავენ, რომელიც კონტრაქტის გასაფორმებლად ნიქოზიაში, თანაშემწე ჩანკო ცვეტანოვთან ერთად უახლოეს დღეებში ჩავა.
სტოილოვს შესაძლებლობა ექნება, მოახლოებული სანაკრებო პაუზა გუნდის უკეთ გასაცნობად და გარემოსთან შესაგუებლად გამოიყენოს“, – წერს ბულგარული გამოცემა.
სტანიმირ სტოილოვი წლების განმავლობაში ყაზახურ „ასტანას“ ავარჯიშებდა, შემდეგ კი ყაზახეთის ეროვნული ნაკრების მწვრთნელი იყო, რომელიც 2018 წელს ერთა ლიგის D დივიზიონში საქართველოს ნაკრებმა გიორგი ჩაკვეტაძის ლიდერობით ორჯერ დაამარცხა 2:0 და 2:1.