კვერნაძის წარმატებული არაოფიციალური დებიუტი - გიორგიმ „ფროსინონეში“ პირველი გოლი გაიტანა [ვიდეო] #1TVSPORT
გიორგი კვერნაძემ პირველი გოლი გაიტანა „ფროსინონეს“ რიგებში, რომელმაც მოსამზადებელ შეკრებაზე პირველი საკონტროლო შეხვედრა დაბალი ლიგის „მონდრაგონთან“ გამართა და 7:0 გაიმარჯვა.
სერია A-ში გადასული „ფროსინონე“ სეზონისთვის მონდრაგონში ემზადება. ქართველი თავდამსხმელი მოედანზე სათადარიგოთა სკამიდან შევიდა და თავი 52-ე წუთზე შესანიშნავი გოლით გამოიჩინა. გიორგი მარცხენა ფლანგიდან კარისკენ წავიდა, ორი მცველი ჩამოიტოვა და ზუსტი დარტყმით ანგარიში 3:0 გახადა.
გიორგი კვერნაძემ, რომელიც ბათუმის „დინამოში“ თამაშობდა, „ფროსინონესთან“ კონტრაქტი მიმდინარე თვის დასაწყისში გააფორმა. სერია A-ს 2023/24 წლის სეზონის პირველ შეხვედრაში კვერნაძის „ფროსინონე“ ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლის“ უმასპინძლებს. მატჩი 20 აგვისტოს გაიმართება.
საინტერესოა, რომ მისი ტრანსფერი ეკუთვნოდა მამუკა ჯუღელის კონტროლის ქვეშ მყოფ ფოთის „კოლხეთი 1913“-ს და არა ბათუმის „დინამოს“, სადაც 20 წლის ფეხბურთელი თამაშობდა. „ფროსინონემ“ ფეხბურთელი ფოთის კლუბისგან შეიძინა. კვერნაძე „საბურთალოს“ აღზრდილია, თავი „თელავში“ იჯარით თამაშისას გამოიჩინა, ბათუმში კი ამის შემდეგ გადავიდა.