კვეკვესკირმა ითამაშა, წიტაიშვილი სათადარიგოებში დარჩა - ბათუმის „დინამოს“ გამომგდებმა „ლეხმა“ პოლონეთში ისევ წააგო #1TVSPORT
პოზნანის „ლეხმა“, სადაც ორი ქართველი ფეხბურთელი თამაშობს, პოლონეთის ჩემპიონატში მეორე ტურის შეხვედრაც წააგო.
პოლონეთის ჩემპიონმა, რომელმაც კონფერენს ლიგიდან ბათუმის „დინამო“ გამოაგდო, პლოცკის „ვისლასთან“ საშინაო მატჩი გამართა და ზედიზედ მეორედ დამარცხდა.
ნიკა კვეკვესკირი სათადარიგოებში იყო, მოედანზე 57-ე წუთზე გამოჩნდა და 79-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო. განაცხადში საქართველოს ნაკრების კიდევ ერთი ფეხბურთელი, გიორგი წიტაიშვილიც მოხვდა, მაგრამ ნიდერლანდელმა მწვრთნელმა, ჯონ ვან დე ბრომმა არ ათამაშა.
აღსანიშნავია, რომ პოლონეთის ჩემპიონმა 5 ივლისიდან 7 ოფიციალური მატჩი გამართა და 4 წააგო, ერთი ფრედ დაასრულა და 2 მოიგო – ჩემპიონთა ლიგის კვალიფიკაციაზე „ყარაბაღთან“ და ბათუმის „დინამოსთან“ კონფერენს ლიგაზე.
პოზნანის გუნდი კონფერენს ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე რეიკიავიკის „ვიკინგურს“ შეხვდება – 4 აგვისტოს მეტოქეს ისლანდიაში ესტუმრება, ხოლო 11 აგვისტოს საკუთარ არენაზე ეთამაშება.