კვეკვესკირმა ჩრდილოეთ მაკედონიასთან რევანშზე ისაუბრა - უფრო მეტად ჩვენი ხალხის გახარება გვსურს #1TVSPORT
ნიკა კვეკვესკირის აზრით, ჩრდილოეთ მაკედონიასთან ერთა ლიგის მესამე ტურის ხვალინდელ მატჩში რევანშზე ლაპარაკი არასწორია. საქართველოს ნაკრების ვიცე-კაპიტანი პრესკონფერენციაზე გუნდის მთავარ მწვრთნელ ვილი სანიოლთან ერთად იმყოფებოდა.
ნიკას თქმით, 2020 წლის 12 ნოემბერს საქართველოს ნაკრებმა ჩრდილოეთ მაკედონიასთან წაგებით ევროპის ჩემპიონატის საგზური დაკარგა, ახლა კი სულ სხვა მნიშვნელობის მატჩია.
„მოგონებებს რაც შეეხება, რა თქმა უნდა, ყველას გვახსოვს ის მატჩი, ის ტკივილი და გრძნობები, რაც ამ მნიშვნელოვან თამაშში წარუმატებლობამ დაგვიტოვა. ეს განცდა ჩვენშია და არა მხოლოდ ხვალინდელ თამაშზე, არამედ მთელი ცხოვრების მანძილზე გაგვყვება.
მაგრამ ახლა სხვა კონტექსტია და ვერ აღვიქვამ თუნდაც მოგებას, როგორც რევანშს. ის სხვა დატვირთვის და მნიშვნელობის თამაში იყო. ახლა მთავარია ჩვენი საქმე გავაკეთოთ და სატურნირო ცხრილში კიდევ უფრო გავიუმჯობესოთ მდგომარეობა.
რაც შეეხება გუნდში კარგ ატმოსფეროს, რაც გარედანაც ჩანს, ამის მიზეზი ისაა, რომ ჩვენ ყველა, მთლიანი გუნდი, არამხოლოდ ოპონენტებს ვეთამაშებით, არამედ ვთამაშობთ ჩვენი ქვეყნისთვის. კარგი ურთიერთობაა ახალგაზრდა და გამოცდილ მოთამაშეებში და წარმატების მიღწევაში ეს ძალიან გვეხმარება.
ხვალინდელი თამაშიც რევანშზე მეტად ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ხალხის გახარებისთვის არის – ასევე იმისთვის, რომ სატურნირო მდგომარეობა კიდევ ერთხელ გავიუმჯობესოთ. ხმამაღალი განცხადებები რევანშზე მეორე ხარისხოვანია“, – ამბობს ნიკა კვეკვესკირი.
საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებების შეხვედრა სკოპიეს „ტოშე პროესკი არენაზე“ ხვალ, 9 ივნისს გაიმართება. შეხვედრის პირდაპირ ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.