კვეკვესკირი პოლონეთის ჩემპიონია - გვილიას „რაკუვმა“ წაგებით კონკურენტს საჩუქარი გაუკეთა #1TVSPORT
ნიკა კვეკვესკირის პოზნანის „ლეხმა“ პოლონეთის ჩემპიონატის 33-ე ტურის მატჩი მოიგო და ჩემპიონი გახდა, ამაში კი ხელი კონკურენტმაც შეუწყო.
მანამდე „კრაკოვიამ“ ითამაშა, რომლის შემადგენლობაშიც საგოლე გადაცემა ოთარ კაკაბაძემ შეასრულა. მისმა გუნდმა პლოცკის „ვისლა“ მიიღო და 3:0 დაამარცხა, საქართველოს ნაკრების მარჯვენა მცველი პირველ გოლში მონაწილეობდა, მისი გადაცემით კამილ პესტკამ გაიტანა. ეს კაკაბაძის ზედიზედ მეორე შეხვედრაში შესრულებული გადაცემა იყო.
ბოლოსწინა ტურში „ლეხმა“ პოზნანის დერბიში „ვარტა“ გასვლაზე 1:2 დაამარცხა. სამწუხაროდ, შემადგენლობაში კვლავ არ იყო საქართველოს ნაკრების ვიცე-კაპიტანი ნიკა კვეკვესკირი – პოზნანელთა ლეგიონერი სათადარიგოთა შორის იყო და მოედანზე მხოლოდ 84-ე წუთზე შევიდა.
„ლეხის“ კონკურენტ „რაკუვის“ ძირითად შემადგენლობაში გამოჩნდა ვაკო გვილია, რომელმაც „ზაგლებიესთან“ გასვლაზე შეუცვლელად ითმაშა, ხოლო ლუკა გაგნიძე სტუმართა სათადარიგოთა შორის იყო. ქართველების გუნდმა კონკურენტს საჩუქარი გაუკეთა – 90+4 წუთზე სტუმართა მოთამაშე არსენიჩი წესის დარღვევისთვის მოედნიდან გააძევეს, „რაკუვის“ კარში კი პენალტი დაინიშნა, რომელიც ჩოდინამ გოლად აქცია, „ზაგლებიემ“ 1:0 მოიგო და რეალურად, პოზნანის „ლეხი“ გააჩემპიონა.
„ლეხმა“ 71 ქულა დააგროვა, ბოლო ტურის დარჩენილი მატჩების მიუხედავად, მიუღწეველი გახდა „რაკუვისთვის“ (67) და ნიკა კვეკვესკირის გუნდი პოლონეთის ჩემპიონი გახდა. ხოლო „კრაკოვია“ (46) მე-6 პოზიციაზეა.
აღსანიშნავია, რომ კვეკვესკირმა ტიტული 9-წლიანი პაუზის შემდეგ მოიპოვა – „ჯვაროსნების“ ვიცე-კაპიტანმა ბოლოს ტიტული 2013 წელს „დინამო თბილისში“ მოიპოვა – მაშინ ნიკა საქართველოს ჩემპიონი და თასის მფლობელი გახდა.