კვარაცხელიასთან „რუბინში“ ან ზივზივაძესთან „ფეჰერვარში“ - სიჭინავას სამ ქვეყანაში იწვევენ #1TVSPORT
სიჭინავა ერთბაშად ოთხი კლუბის ინტერესის სფეროში მოექცა – ქართველ ფეხბურთელს კარიერის გაგრძელება უნგრეთში, მოლდოვაში ან რუსეთში შეუძლია.
„ინგულეცის“ ფორვარდმა ნიკა სიჭინავამ, შესაძლოა კლუბი თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვოს, – ამის შესახებ ინფორმაციას Meta-ratings ავრცელებს.
„ქართველ თავდამსხმელს კლუბთან კონტრაქტი წელს, ზაფხულს ეწურება, მხარეები კი ჯერ ხელშეკრულების განახლებას არ ჩქარობენ. ნიკა სიჭინავას მიმართ ინტერსს უკვე სამი ქვეყნის ოთხი კლუბი იჩენს – უნგრული „ფეჰერვარი“, მოლდოვური „შერიფი“, რუსული მოსკოვის „დინამო“ და ყაზანის „რუბინი“. ეს კლუბები ხელმოწერის შესაძლებლობას განიხილავენ თავდამსხმელთან, რომელიც მალე თავისუფალი აგენტის სტატუსს მიიღებს“, – წერს Meta-ratings.
ნიკა სიჭინავა დონეცკის „შახტარის“ აკადემიის აღზრდილია, თამაშობდა ფოთის „კოლხეთსა“ და „ვიტ ჯორჯიაში“. „ინგულეცში“ 2016 წლის იანვრიდან თამაშობს. მიმდინარე სეზონში მან უკრაინის პრემიერლიგაში 16 მატჩი ჩაატარა და 5 გოლი გაიტანა.
საინტერესოა, რომ ნიკა სიჭინავათი დაინტერესებულ 2 კლუბში ქართველები თამაშობენ – ყაზანის „რუბინში“ ხვიჩა კვარაცხელია, ხოლო უნგრულ „ჰეფერვარში“ – ბუდუ ზივზივაძე და უკრაინის მოქალაქეობის მქონე მიხეილ მესხი.