კვარაცხელიასთან ერთად, შესაძლოა, „ნაპოლიში“ მაკტომინაიმ ითამაშოს - „ჩელსი“ ლუკაკუში მაქსიმუმს ითხოვს #1TVSPORT
სერია A-ს პირველ ტურში „ვერონასთან“ მარცხის (0:3) შემდეგ ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლის“ ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, რომელუ ლუკაკოს შეძენის პროცესი დააჩქაროს, კლუბი აღარ დაელოდა ვიქტორ ოსიმენის გაყიდვას და „ჩელსის“ოფიციალური შეთავაზებით მიმართა, – ინფორმაციას Sky Sport-ი ავრცელებს.
„ბელგიელი თავდამსხმელის შეძენა ანტონიო კონტეს ჩემპიონატის შემდეგ ტურამდე თავის „პროტეჟესთან“ ერთად მუშაობის საშუალებას მისცემს. ინგლისური გამოცემის, Sky Sport-ის ცნობით, „ინტერის“ ყოფილი ფორვარდის დამატების ერთადერთი გზა, მიუხედავად ოსიმენის მომავლისა, არის ლუკაკუს იჯარით აყვანა და, თანხების ეკონომიის მიზნით, მისი ტრანსფერის 2025 წლის ზაფხულში გამოსყიდვა.
„ჩელსიმ“ „ნაპოლისგან“ რომელუ ლუკაკუზე ოფიციალური შეთავაზება უკვე მიიღო. იტალიური კლუბი ბელგიელ ცენტრფორვარდში 30 მილიონ ევროს იხდის: 5 მილიონს – იჯარისთვის და 25 მილიონს – ერთ წელიწადში გამოსყიდვის ვალდებულების გამო. კონტე აქამდე ყოველთვის უარს ამბობდა რაიმე სახის იჯარაზე, რადგან სრულფასოვან ტრანსფერს ამჯობინებდა, მაგრამ ახლა ამტკიცებს, რომ ლუკაკუ ნეაპოლელებს დაუყოვნებლივ უნდა შეუერთდეს. თუმცა, სავარაუდოდ, ამ შეთავაზებაზე უარს იტყვის „ჩელსი“, რომელიც დაჟინებით მოითხოვს, დაუყოვნებლივ გადაიხადონ, მინიმუმ, 40 მილიონი“, – ამტკიცებს Sky Sport-ი.
Sportitalia-ს სატრანსფერო ექსპერტმა, ალფრედო პედულამ კი ახალი ინფორმაცია გაავრცელა, რომლის თანახმადაც, „ნაპოლი“ მოლაპარაკებებს „მანჩესტერ იუნაიტედთან“ შოტლანდიის ნაკრების თავდამსხმელის, სკოტ მაკტომინაის ტრანსფერზე აწარმოებს.
„ახლა „ნაპოლი“ დაკავებულია ნახევარდაცვის გაძლიერებით. ანტონიო კონტეს სურს სკოტ მაკტომინაის „მანჩესტერ იუნაიტედიდან“ გადაყვანა – მაღალკვალიფიციური ფეხბურთელის, რომელსაც შეუძლია, ნეაპოლიტანური გუნდის შეტევა საგრძნობლად გააძლიეროს.
მაკტომინაის გადმოყვანა კონტეს განსაკუთრებული მოთხოვნაა. დიახ, ის უმაღლესი დონის შემტევია. ამ ტრანსფერის ღირებულება 25-30 მილიონი ევრო იქნება. „ნაპოლი“ ფეხბურთელს დაიმატებს მას შემდეგ, როცა ოსიმენთან გარიგება დასრულდება“, – ამტკიცებს იტალიელი ჟურნალისტი.