კვარაცხელიასა და დავითაშვილის გარეშე - ბათუმის „დინამომ“ კონკურენტებთან სხვაობა გაზარდა [ფოტო] #1TVSPORT
კვარაცხელიასა და დავითაშვილის გარეშე - ბათუმის „დინამომ“ კონკურენტებთან სხვაობა გაზარდა [ფოტო] #1TVSPORT

ეროვნული ლიგის ლიდერმა ბათუმის „დინამომ“ სანაკრებო პაუზის შემდეგ პირველი შეხვედრა თბილისში „გაგრასთან“ გამართა და ლიდერების არყოფნის მიუხედავად, დიდი ანგარიშით დაამარცხა 0:3.

მე-17 ტურის ეს შეხვედრა „დინამო-არენაზე“ გაიმართა. ბათუმელებმა (ეროვნულ ნაკრებში მატჩებში გადატვირთული ხვიჩა კვარაცხელია და ზურიკო დავითაშვილი აკლდათ) ანგარიში პირველ ტაიმში გახსნეს – გოლი ცენტრალურმა მცველებმა გაიტანეს. ოლეკსანდრ აზაცკის პასით მამუკა კობახიძემ ისარგებლა.

მეორე ტაიმის დასაწყისში საქართველოს ჩემპიონმა მეორე გოლის გატანაც მოახერხა. ირაკლი აზაროვმა საჯარიმოსთან თორნიკე გაფრინდაშვილი მონახა, რომელმაც უძლიერესი დარტყმით ბათუმელთა უპირატესობა ორამდე გაზარდა.

72-ე წუთზე კი ჯაბა ჯიღაურმა სანდრო ალთუნაშვილის გადაცემით ისარგებლა, „გაგრას“ კარი მესამედ აიღო და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 0:3 ჩემპიონის სასარგებლოდ.

ბათუმის „დინამომ“ 17 ტურის შემდეგ 38 ქულა დააგროვა და კიდევ უფრო გაასწრო კონკურენტს, „დინამო თბილისს“ (32 ქულა), რომელიც „სამგურალმა“ (35) დაამარცხა, ხოლო „გაგრა“ (17) მე-8 პოზიციაზეა.