კვარაცხელიას ყოფილი თანაგუნდელი - ხვიჩა სლუცკის არ გაუზრდია, ის ფეხბურთელად არის დაბადებული #1TVSPORT
ყაზანის „რუბინის“ ყოფილმა თავდამსხმელმა, ჯორჯ დესპოტოვიჩმა ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა და კატეგორიულად არ დაეთანხმა ლეონიდ სლუცკის ნათქვამს, თითქოს, ქართველი ფეხბურთელის დაწინაურება და გაზრდა მისი დამსახურებაა.
სერბს „რუბინში“ თამაშის დროს ერთ-ერთ ინტერვიუში ნათქვამი ფრაზა გაახსენეს, რომელშიც მან ხვიჩას უწოდა საუკეთესო ფეხბურთელი, ვისთან ერთადაც უთამაშია.
„გავა დრო, მოხვდება დიდ გუნდში და ვიტყვით, რომ მასთან ერთად გვითამაშია“, – ეს სიტყვები სერბმა თავდამსხმელმა 2020 წელს თქვა, როდესაც ბევრს ეჭვი ეპარებოდა, რომ ქართველი თავდამსხმელით ევროპული გრანდები ინტერესდებოდნენ.
მისი ვარაუდი გამართლდა – ხვიჩა კვარაცხელია პირველი სეზონის შემდეგ იტალიის სერია A-ს საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს და ფიფა-მ 2023 წლის მსოფლიოს საუკეთესო 12 მოთამაშეთა სიაში დაასახელა.
„ეს მისი პირველივე ვარჯიშის შემდეგ ვთქვი, რადგან მაშინვე ყველაფერი აშკარა იყო, მაგრამ მას იმ საშინელ სეზონში სლუცკისთან პრობლემები ჰქონდა. ახლა შეუძლია თქვას, რომ ხვიჩა ფეხბურთელად აქცია, მაგრამ ეს სისულელეა.
ამ ლოგიკით, ტოპ მოთამაშე ძალიან კარგ გუნდში რომ აღმოჩნდა, მის ყველა მწვრთნელს შეუძლია თქვას, რომ სწორედ მან აღმოაჩინა და ტოპ ფეხბურთელად აქცია. ფეხბურთელად ვერავინ ვერავის გახდის. ასეთებად იბადებიან“ – თქვა დესპოტოვიჩმა.