კვარაცხელია ყაზანიდან დროულად წამოვიდა - „რუბინი“ ფეხბურთელებს ხელფასს ვერ უხდის #1TVSPORTსპორტ
ხვიჩა კვარაცხელია რუსეთიდან მარტში წამოვიდა. მალევე გაირკვა, რომ ყაზანის „რუბინთან“ კონტრატქი გაწყვიტა – მან ეს ნაბიჯი როულად გადადგა, რადგან გუნდში ფინანსური პრობლემებია. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა „კპ – კაზანი“ კლუბთან დაახლოებული წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
„ყაზანურ კლუბთან კონტრაქტები ერთდროულად ექვსმა უცხოელმა ფეხბურთელმა შეაჩერა: ანდერს დრეიერმა, სეად ხაკშაბანოვიჩმა, ფილიპ ურემოვიჩმა, ხვიჩა კვარაცხელიამ, სილვიე ბეგიჩმა და ჰვანგ ინ ბეომმა. ცნობილი გახდა, რომ „რუბინის“ ძირითადი და ახალგაზრდული გუნდის ფეხბურთელებს ხელფასი დეკემბრის შემდეგ არ აუღიათ“, – წერს გამოცემა.
გუნდს მდიდარი სანავთობო კომპანია აფინანსებდა, მაგრამ ისე ჩანს, რომ მას სერიოზული პრობლემები შეემქნა. „კპ – კაზანი“ სწორედ ამაზე მიუთოთებს: „სექტემბერში ყაზანური კლუბის მთავარი სპონსორი TAIF-ი SIBUR-მა შეიერთა. ამის შემდეგ დაიწყო საუბარი იმაზე, რომ ნავთობის გიგანტმა შესაძლოა უარი თქვას „რუბინის“ სპონსორობაზე. ახლა ყველაზე ცუდი პროგნოზები გამართლდა, კლუბი ლიგიდან დაქვეითების ზღვარზეა, ფეხბურთელებს კი ხუთი თვეა ხელფასი არ აუღიათ“.
მანამდე გამოცემამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ „რუბინიდან“ ლეგიონერების მასობრივი წასვლის ერთ-ერთი მიზეზი კლუბის არასტაბილური ფინანსური მდგომარეობა იყო. შეგახსენებთ, რომ ყაზანური კლუბიდან ხვიჩა კვარაცხელია ბათუმის „დინამოში“ გადავიდა, ახლახან კი „ნაპოლის“ პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა დაადასტურა, რომ ქართველ ფეხბურთელთან კონტრაქტი შეთანხმებულია.