კვარაცხელიას თანაგუნდელი კიმი „ბაიერნში“ ითამაშებს - „ნაპოლის“ პრეზიდენტი ოსიმენის შენარჩუნებას ცდილობს #1TVSPORT
„ნაპოლიში“ ხვიჩა კვარაცხელიას თანაგუნდელი კიმ მინ ჯე კარიერას მიუნხენის „ბაიერნში“ გააგრძელებს – სამხრეთკორეელმა მცველმა გერმანულ გრანდთან კონტრაქტი 2028 წლამდე გააფორმა.
გერმანული გაზეთის, Bild-ის ცნობით, სამხრეთკორეელი ბავარიული კლუბისგან სეზონში 10 მილიონ ევროს მიიღებს ანაზღაურების სახით.
კიმი ამჟამად თავის ქვეყანაში სავალდებულო სამხედრო სამსახურს გადის, რომლის დასრულების შემდეგ, 3 ივლისს ფეხბურთელი „ნაპოლის“ ოფიციალურად დატოვებს. მოთამაშის აგენტთან მოლაპარაკებები გასულ კვირას, ლისაბონში გამართული შეხვედრის დროს დასრულდა. ფეხბურთელის სანაცვლოდ „ნაპოლი“ 42.5 მილიონ ევროს მიიღებს.
როგორც ცნობილი ხდება, კიმი მიუნხენის „ბაიერნის“ მთვარი მწვრთნელის, ტომას ტუხელის მთავარი სატრანსფერო სამიზნე იყო.
ამავე დროს, „ნაპოლიში“ ერთ-ერთი მთავარი საკითხი ნიგერიელი თავდამსხმელის, ვიქტორ ოსიმენის მომავალს ეხება. ახალ მწვრთნელად რუდი გარსიას დანიშვნის შემდეგ კლუბის პრეზიდენტმა, აურელიო დე ლაურენტისმა კიდევ უფრო კონკურენტუნარიანი გუნდის შექმნა გადაწყვიტა და მისი პირველი ამოცანა ნიგერიელის შენარჩუნებაა.
„ნაპოლის“ ოფიციალური მაუწყებლის, Radio Kiss Kiss-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დე ლაურენტისი მზადაა, ოსიმენს სეზონში 7.5 მილიონი ევრო გადაუხადოს. ამ თემასთან დაკავშირებით ფეხბურთელის აგენტთან შეხვედრა უკვე შედგა. ჯერჯერობით უცნობია, დათანხმდა თუ არა ოსიმენის აგენტი ნეაპოლური კლუბის შეთავაზებას.