კვარაცხელიას შოუ გრძელდება - ხვიჩამ „მარადონა არენაზე“ დებიუტი პირველი იტალიური დუბლით აღნიშნა [ვიდეო] #1TVSPORT
ხვიჩა კვარაცხელიამ მორიგი შოუ დადგა – „ნაპოლიმ“ იტალიის ჩემპიონატის მეორე ტურში „სტადიო დიეგო არმანდო მარადონაზე“ სერია „ა“-ში დაწინაურებულ „მონცას“ უმასპინძლა და დამაჯერებლად დაამარცხა – 4:0, რაშიც ქართველმა თავდამსხმელმა გადამწყვეტი როლი ითამაშა.
საქართველოს ნაკრების თავადამსხმელი სასტარტო შემადგენლობაში იყო და მცველები დიდი ყურადღებით მეურვეობდნენ, მაგრამ ეპიზოდურად მაინც უსხლტებოდა და ამით 35-ე წუთზე ისარგებლა. ხვიჩა მეურვისგან გათავისუფლდა და 20 მეტრიდან ულამაზესი გოლით „ნაპოლი“ დააწინაურა.
ტაიმის ბოლოს ვიკტორ ოსინემმა „მონცას“ კარი მეორედ აიღო და შესვენებამდე „ნაპოლი“ კომფორტული უპირატესობით დაწინაურდა – 2:0.
50-ე წუთზე ხვიჩამ კიდევ ერთხელ საცადა კარის აღება, მაგრამ ამჯერად მცველებმა მეტი ყურადღებით ითამაშეს და ბურთი კუთხურზე მოიგერიეს. თუმცა, საქართველოს ნაკრების 21 წლის ლიდერმა იტალიაში პირველი დუბლი მაინც შეასრულა.
62-ე წუთზე ხვიჩამ ლობოტკას გადაცემის შემდეგ საჯარიმოში მცველები ეფექტურად ჩამოიშორა, შორეულ ძელზე გასროლით ანგარიში 3:0 გახადა და დიეგო არმანდო მარადონას სახელობის სტადიონზე სადებიუტო შეხვედრა დუბლით აღნიშნა. ტრიბუნები სკანდირებდნენ „კვიჩა კვარაცხელია!“. ხვიჩა 70-ე წუთზე შეცვალეს.
საბოლოო ანგარიში 90+3-ე წუთზე კორეელმა მცველმა მინ-ჯე კიმ დააფიქსირა, „ნაპოლიმ“ 4:0 მოიგო და ორი ტურის შემდეგ 6 ქულა დააგროვა. ხვიჩა კვარაცხელია კი 2 ტურში 3 გოლით სერია ა-ს ბომბარდირებში დაწინაურდა. საქართველოს ნაკრების ლიდერის ანგარიშზე ასევე ერთი საგოლე გადაცემაა.