კვარაცხელიას შენარჩუნების გეგმა - „ნაპოლი“ ქართველს ხელფასს გაუორმაგებს #1TVSPORT
გამოცემა Gazzetta dello Sport-ი ამტკიცებს, რომ „ნაპოლის“ აქვს გეგმა, როგორ შეინარჩუნოს ხვიჩა კვარაცხელია და საამისოდ, ქართველ თავდამსხმელს ხელფასს გაუორმაგებს.
„ნაპოლის“ ხელმძღვანელობას ორმაგი მიზეზი აქვს გაიღიმოს, მიუხედავად „ლილთან“ ამხანაგურ შეხვედრაში წაგებისა. ქართველი სრულად გამოჯანმრთელდა. კვარაცხელია ახლოს არის ხელფასის გაზრდასა და კონტრაქტის განახლებასთან. კვარა ითამაშებს „ინტერის“ წინააღმდეგ 4 იანვარს მატჩში, რომელიც სკუდეტოსთვის რბოლაში ბევრს გადაწყვეტს. იანვარი „ნაპოლისთვის“ გადამწყვეტი თვე იქნება საჩემპიონო ბრძოლაში, რადგან, „ინტერის“ გარდა, „იუვენტუსთან“ და „რომასთან“ მატჩები ელის.
ასევე მნიშვნელოვანია ქართველთან კონტრაქტის განახლება. ჯუნტოლი კვარას აგენტთან, მამუკა ჯუღელთან შესანიშნავ ურთიერთობაშია. ხელშეკრულება 2028 წლამდე უნდა გახანგრძლივდეს და ხელფასი გაორმაგდეს. შედეგად, კვარაცხელიას ხელფასი სეზონში 1,2 მილიონიდან 2,4 მილიონ ევრომდე გაიზრდება. ეს ნაბიჯი ემსახურება იმას, რომ „ნაპოლი“ პრემიერლიგის გუნდებიდან მომდინარე საფრთხეს შეეწინააღმდეგოს: „ლივერპულს“ და „ტოტენჰემს“ ძალიან მოსწონთ კვარა, მაგრამ „ნაპოლი“ მას არ უშვებს“, – ამტკიცებს Gazzetta dello Sport-ი.