ქართველმა ლეგიონერებმა რუსეთის პრემიერლიგაში მორიგი შეხვედრები ჩაატარეს. სათამაშო დღეს 5 მატჩი გაიმართა და ხუთივეში ქართველი თამაშობდა.
ვოლგოგრადის „როტორი“ შინ „სოჭთან“ დამარცხდა – 1:2. ძირითად შემადგენლობაში არც ერთი ქართველი არ იყო. ზურიკო დავითაშვილმა სადებიუტო მატჩი ჩაატარა – საქართველოს ნაკრების 19 წლის ნახევარმცველი მოედანზე 33-ე წუთზე გამოჩნდა, 23 წუთში კი ახალ გუნდში თავი საგოლე გადაცემით შეეძლო გამოეჩინა, მის თანაგუნდელს კარგად რომ ეთამაშა. დავითაშვილმა გადაცემა საკუთარ ნახევარზე ჩაჭრა და შორეული გადაცემით მეტოქის საჯარიმოში სერგეი სერჩენკოვი დასარტყმელ პოზიციაზე გაიყვნა, მაგრამ მან არაზუსტად დაარტყა. ბექა მიქელთაძე მოედანზე 76-ე წუთზე გამოჩნდა და ყვითელი ბარათი (83 წთ) მიიღო. „როტორის“ განაცხადში არ იყვნენ საბა კვირკველია, ჯანო ანანიძე და ნიკა ყიფიანი.
ტულის „არსენალმა“ საშინაო შეხვედრაში მოსკოვის „დინამო“ 2:0 დაამარცხა. საქართველოს ნაკრების მცველი გია გრიგალავა განაცხადში იყო, მაგრამ არ უთამაშია.
გიორგი შელია 90 წუთი იდგა გროზნოს „ახმატის“ კარში „ხიმკისთან“ მოგებულ შეხვედრაში (2:1) და სამჯერ სახიფათო დარტყმა მოიგერია. ამავე გუნდში იჯარით გაუშვეს გიორგი მელქაძეც, რომელიც მოედანზე შეცვლაზე, 65-ე წუთზე გამოჩნდა. მის წინააღმდეგ უხეშობისთვის 82-ე წუთზე მეტოქის მოთამაშე გააძევეს.
ორმა ქართველმა ითამაშა „ტამბოვში“, რომელმაც პეტერბურგში „ზენიტთან“ 1:4 დათმო. დამარცხებულთაგან საგოლე გადაცემა 85-ე წუთზე ვლადიმირ კობახიძემ შეასრულა, რომელიც მოედანზე 52-ე წუთზე გამოჩნდა. ის თამაშში გურამ თეთრაშვილთან ერთად ჩაერთო.
განსაკუთრებით აღსანიშნავი ყაზანის „რუბინის“ მოგებაა – ხვიჩა კვარაცხელიამ და მისმა თანაგუნდელებმა რუსული არმიის გუნდი ცსკა მის მოედანზე დაამარცხეს. საქართველოს ნაკრების 19 წლის თავდამსხმელი ყაზანელთა ძირითად შემადგენლობაში იყო და შეუცვლელად ითამაშა. ხვიჩა აქტიურობდა, მაგრამ ამჯერად საგოლე გადაცემითა და გოლით თავი არ გამოუჩენია. ამის მიუხედად, ტურში ქართველებიდან ყველაზე მაღალი შეფასება დაიმსახურა.
კვარაცხელიამ 34-ე წუთზე კარში დაარტყა და მეკარეს ვერ აჯობა, მე-80 წუთზე კი ყვითელი ბარათი მიიღო. მან 7,0 შეფასება დაიმსახურა – მასზე უკეთესი შეფასება გამოცემა „ჩემპიონატმა“ ყაზანელთა სამ მოთამაშეს დაუწერა. ასევე შეაფასა გამოცემამ მოსკოველთა ნახევარმცველის, კონსტანტინე მარადიშვილის შრომა, რომელმაც შეუცვლელად ითამაშა. „რუბინმა“ რუსული არმიის გუნდი 90+2-ე წუთზე გატანილი გოლით დაამარცხა 2:1.