კვარაცხელიას „რუბინმა“ ევროსაგზური მოიპოვა - ქართველების „როტორის“ კონკურენტებმა მოულოდნელად თამაში გადაწიეს #1TVSPORT
რუსეთის პრემიერლიგაში ბოლო ტურის შეხვედრები გაიმართა – ცნობილი უნდა გამხდარიყო ევროსაგზურის მფლობელები და ლიგიდან გავარდნილი გუნდების ვინაობა, რომელთა შორისაც ერთ-ერთი ქართველის გუნდი უნდა ყოფილიყო.
ბოლო ტურში დაძაბული ვითარება იყო. რუსეთის საფეხბურთო კავშირის აღმასკომის გადაწყვეტილებით, პრემიერლიგის ლიცენზია ვერ მიიღეს მეორეადგილოსანმა „ორენბურგმა” და მეოთხეადგილოსანმა ვლადიკავკაზის „ალანიამ“. შედეგად, პლეი-ოფის მატჩები გაუქმდა იმ კლუბებს შორის, რომლებმაც პირველ ლიგაში მე-3 და მე-4 ადგილები, ხოლო პრემიერლიგაში ბოლოდან მესამე-მეოთხე ადგილები დაიკავეს.
ბოლო ტურში ცნობილი იყო, რომ ზურაბ გიგაშვილი და ვალიკო (ვლადიმერ) კობახიძის „ტამბოვი“ გავარდა. მეორე გავარდნილი დღეს უნდა გარკვეულიყო. გია გრიგალავას ტულას „არსენალი“ 23 ქულით მე-13 ადგილზე იყო, ჯიმი ტაბიძის „უფა“ (22 ქულა) – მე-14 პოზიციაზე, ხოლო ყველაზე რთულ ვითარებაში საბა კვირკველიას, ზუკა დავითაშვილის, ნიკა ყიფიანის და გიორგი არაბიძის ვოლგოგრადის „როტორი“ (21 ქულა, მე-15 ადგილი) აღმოჩნდა.
ბოლო ტურში „როტორი“ ყაზანში ესტუმრა ხვიჩა კვარაცხელიას „რუბინს“, რომელსაც ევროთასებზე გასასვლელად სამი ქულა სჭირდებოდა. ტრავმისგან მომჯობინებული კვარაცხელია ლეონიდ სლუცკიმ რისკს აარიდა და განაცხადშიც არ შეიყვანა, ვოლგოგრადელთა ძირითადში მხოლოდ ზურიკო დავითაშვილი და ნიკა ყიფიანი იყვნენ, საბა კვირკველია სათადარიგოებში დარჩა, ხოლო გიორგი არაბიძე განაცხადშიც არ იყო. მატჩი დაძაბული გამოდგა, ანგარიში კი 78-ე წუთზე ბათუმის „დინამოს“ ყოფილმა ფორვარდმა ჯოვინო ფლამარიონმა გახსნა, რომელმაც „რუბინს“ პენალტიდან გაუტანა, მაგრამ 90-ე წუთზე ვოლგოგრადელთა კარში პენალტი დაინიშნა, რომელიც ჯორჯ დესპოტოვიჩმა გოლად გარდასახა და საბოლოოდ, მატჩი 1:1 დასრულდა.
კვარაცხელიას“ რუბინმა“ 53 ქულა დააგროვა, სეზონი მე-4 ადგილზე დაასრულა და ევროსაგზურის მფლობელი გახდა. „როტორის“ საკითხი კი ბოლო ტურში მომხდარი გაუთვალისწინებელი ამბავის გამო მცირე ხნით ისევ გაურკვეველია – „უფა“ შინ ტულის „არსენალს“ უნდა შეხვედროდა, მაგრამ მატჩი გადაიდო – გამოცემა „ჩემპიონატის” ცნობით, მიზეზი მაღალი ტემპერატურა გახდა – უფაში 39 გრადუსი დაფიქსირდა. თუმცა, რუსული (gismeteo.ru) და საერთაშორისო ამინდის ბიუროების ცნობით, უფაში ტემპერატურა მაქსიმუმ 32 გრადუსი იყო.
ეს შეხვედრა მხოლოდ „რუბინი“ – „როტორის“ მატჩის დასრულების შემდეგ დაიწყო. ამ მატჩის შედეგზეა დამოკიდებული, დარჩება თუ არა „როტორი“ პრემიერლიგაში. ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება, თუ „უფა“ შინ ტულის „არსენალთან“ დამარცხდება.