კვარაცხელიას „რუბინის“ განაცხადიდან ამოღების მიზეზად ნაკრებში ჯანმრთელად ჩამოსვლის სურვილი დასახელდა - თუმცა, ტრანსფერის იმედი მაინც გაჩნდა #1TVSPORT
კვარაცხელიას რუსეთიდან წასვლის ფაქტი ჯერ ოფიციალურად არ დასტურდება, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს მოთამაშესთან დაახლოებულმა სანდო წყაროებმა აცნობეს.
მოგეხსენებათ, 20 აგვისტოს, ყაზანის „რუბინმა“ რუსეთის ჩემპიონატის საგანაცხადო სიიდან ხვიჩა კვარაცხელიას გვარი ამოიღო, – იტყობინება რუსეთის პრემიერლიგის ოფიციალური ვებგვერდი.
„რუბინის“ ტვიტერზე გაჩნდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას გვარი გუნდის საპრემიერლიგო განაცხადიდან ტრავმის გამო ამოშალეს.
ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ 20 წლის ნახევარმცველი „ტოტენჰემში“ გადასვლას უახლოვდებოდა. იმედი გაჩნდა, რომ კლუბის ეს ნაბიჯი ტრანსფერს უკავშირდებოდა და კვარაცხელიას უცხოეთში გადასვლა რეალობას ემსგავსებოდა.
მოთამაშესთან დაახლოებულმა სანდო წყარომ დაგვიდასტურა, რომ ხვიჩამ მცირე ტრავმა მართლა მიიღო და განაცხადიდან ამიტომ ამოიღეს. კლუბმა გაითვალისწინა ხვიჩას სურვილი – ქართველ ფეხბურთელს სექტემბრის სანაკრებო თამაშებამდე რისკის თავიდან არიდება და ეროვნული გუნდის შეკრებაზე ჯანმრთელად ჩამოსვლა სურს. თუმცა, განაცხადიდან მოთამაშის ტრავმის გამო ამოღება მაინც კითხვებს ბადებს – იმედი ვიქონიოთ, რომ 20 წლის ქართველი თავდამსხმელი ევროპაში გადავა.