კვარაცხელიას პირველი გოლი ჯარიმიდან სერია A-ში - „ნაპოლი“ „ფიორენტინას“ დაუზავდა [ვიდეო] #1TVSPORT
„ნაპოლი“ იტალიის ჩემპიონატში ევროთასების საგზურისთვის ბრძოლაში მთავარ კონკურენტს, „ფიორენტინას“ ესტუმრა და ხვიჩა კვარაცხელიას გოლით ქულა მოიპოვა – 2:2.
საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი „სტადიო არტემიო ფრანკიზე“ გამართულ იტალიის სერია A-ს 37-ე ტურის მატჩში ნეაპოლელთა ძირითად შემადგენლობაში იყო და 86 წუთი ითამაშა. ხვიჩა პირველ ტაიმში კარის აღებას სამჯერ შეეცადა, მაგრამ მიზანს ვერ მიაღწია.
„ნაპოლიმ“ თამაში კარგად დაიწყო და „ფიორენტინას“ გოლი მე-8 წუთზე გაუტანა. თავის გამოჩენა ამირ რაჰმანიმ მოახერხა.
„ფიორენტინამ“ შესვენებამდე წინ გასვლა შეძლო. მე-40 წუთზე საჯარიმო დარტყმით ფლორენციელების კაპიტანმა, კრისტიანო ბირაგიმ წონასწორობა აღადგინა, ხოლო 42-ე წუთზე მბალა ნზოლამ მასპინძლები დააწინაურა.
მეორე ტაიმში, 57-ე წუთზე „ფიორენტინას“ კარისკენ საჯარიმო დაინიშნა, რომელიც კვარაცხელიამ შეასრულა და ულამაზესი გოლით წონასწორობა აღადგინა. ეს მისთვის პირველი გოლია ჯარიმიდან იტალიის სერია A-ში.
სეზონის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე „ნაპოლი“ 52 ქულით მე-9 ადგილზეა და კონფერენსლიგის საგზურის მოპოვების შანსს ინარჩუნებს. ხვიჩა კვარაცხელიამ კი მიმდინარე სეზონში მე-11 გოლი გაიტანა, მის ანგარიშზე ექვსი საგოლე გადაცემაცაა.