კვარაცხელიას „ნაპოლიმ“ მოუგებელი სერია შეწყვიტა - ნეაპოლელებმა „სალერნიტანა“ დაამარცხეს #1TVSPORT
ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლი“ სერია A-ში „სალერნიტანას“ დაუპირისპირდა და 2:1 დაამარცხა.
იტალიის ჩემპიონატის მე-20 ტურის შეხვედრაში, რომელსაც „სტადიო მარადონამ“ უმასპინძლა, ქართველი თავდამსხმელი ძირითად შემადგენლობაში იყო და 90 წუთი ითამაშა.
„ნაპოლიმ“ თამაში შეტევებით კი დაიწყო, მაგრამ ანგარიში „სალერნიტანამ“ გახსნა, 29-ე წუთზე ანტონიო კანდრევა ნახევარმცველებს გაექცა და საჯარიმოს სიახლოვიდან ეფექტური დარტყმით სტუმრები დააწინაურა.
„ნაპოლიმ“ წონასწორობა ტაიმის ბოლოს აღადგინა: 45+4-ე წუთზე, „სალერნიტანას“ კარში დანიშნული პენალტი მატეო პოლიტანომ შეასრულა და შესვენებამდე 1:1 დაფიქსირდა. ეს 16 დეკემბრის შემდეგ „ნაპოლის“ პირველი გოლი იყო. იტალიის მოქმედი ჩემპიონი მეტოქეთა კარის აღებას ოთხ მატჩში ვერ ახერხებდა.
ხვიჩამ მეორე ტაიმი აქტიურად დაიწყო, შორიდან გატანა სცადა, ჯოვანი სიმეონესაც კარგი მომენტი შეუქმნა. შემდეგ მცველებს ეფექტურად გაექცა და კარში დარტყმულ ბურთს მეტოქე გადაეფარა.
კვარაცხელიას გატანა მსაჯის მიერ დამატებულ წუთებზეც შეეძლო და „სალერნიტანა“ ისევ მეკარემ გადაარჩინა. ბოლოს ამირ რაჰმანიმ მაინც გაიტანა და „ნაპოლიმ“ 2:1 მოიგო.
ნეაპოლელები სერია A-ში გამართული 20 ტურის შემდეგ 31 ქულით მეექვსე ადგილზე არიან და ლიდერ „ინტერს“ 17 ქულით ჩამორჩებიან.