კვარაცხელიას „ნაპოლიმ“ მაცარის დანიშვნა დაადასტურა - დე ლაურენტისი ახალ მწვრთნელს მიესალმება #1TVSPORT
ვალტერ მაცარის „ნაპოლის“ მწვრთნელად დანიშვნა კლუბის პრეზიდენტმა, აურელიო დე ლაურენტისმა სოციალურ ქსელში დაადასტურა.
„კეთილი იყოს თქვენი მობრძანება, ვალტერ“, – ეს არის მოკლე პოსტი, რომელიც აურელიო დე ლაურენტისმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.
ნეაპოლელთა ახალმა მწვრთნელმა შეცვალა რუდი გარსია, რომელსაც „ნაპოლის“ პრეზიდენტი არც ახსენებს, მიუხედავად იმისა, რომ ფრანგმა მწვრთნელმა გუნდი სერია A-ში მეოთხე ადგილზე დატოვა და „პარტენოპეის“ ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალში გასვლის შანსიც აქვს.
ვალტერ მაცარისთვის ეს „ნაპოლიში“ მესამე დაბრუნებაა. მან უკვე შეარჩია ასისტენტები – ჯუზეპე სანტორო, რომელსაც „ინტერში“ უმუშავია, და ჯანლუკა გრავა, რომელიც „ნაპოლის“ აკადემიასაც უხელმძღვანელებს. ახალ სამწვრთნელო შტაბს ოფიციალურად უახლოეს საათებში დაამტკიცებენ.
ვალტერ მაცარი არ მალავს, რომ „ნაპოლიში“ დაბრუნება მისი ოცნება იყო და შეთავაზებით გახარებულია.
„მაცარის დანიშვნისთვის საკმარისი იყო რამდენიმე სატელეფონო ზარი და პირადი შეხვედრა. მას არასოდეს ეპარებოდა ეჭვი, რომ „ნაპოლიდან“ შეთავაზებას მიიღებდა და იცოდა, რომ ამას ნებისმიერ ფასად დათანხმდებოდა. მწვრთნელი არ მალავს, რომ გუნდში დაბრუნება მისი ოცნება იყო, რადგან სურს, აჩვენოს, რომ ის ჯერ კიდევ უმაღლესი დონის სპეციალისტია“, – ამტკიცებს „არეანაპოლი“.
მაცარის შესახებ მისი მეგობარი, Sportitalia-ს ჟურნალისტი ალფრედო პედულა სოციალური ქსელში წერს: „მე მას დიდი ხანია ვიცნობ და ყველაფერს საუკეთესოს ვუსურვებ. ვფიქრობ, ის „ნაპოლის“ თავიდან აღმოაჩენს, ვალტერ მაცარის მხოლოდ ეს სურდა“.