კვარაცხელიას „ნაპოლიმ“ ლუკაკუს და ანგისას გოლებით „პარმა“ დაამარცხა #1TVSPORT
ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლი“ იტალიის ჩემპიონატში „პარმას“ დაუპირისპირდა და დაძაბულ შეხვედრაში გამარჯვება მხოლოდ დამატებულ წუთებზე გატანილი გოლებით მოიპოვა – 2:1.
სერია A-ს მე-3 ტურის შეხვედრა, რომელიც „სტადიო მარადონაზე“ გაიმართა, ნეაპოლელებისთვის იღბლიანად არ დაიწყო. მასპინძლების დაცვა რამდენიმეჯერ უხეშად შეცდა, მე-19 წუთზე კი მათ კარში პენალატი დაინიშნა, რომელიც ფრანგმა თავდამსხმელმა, ანგე-იოან ბონიმ გოლად გარდასახა და „პარმა“ დააწინაურა.
ქართველი თავდამსხმელი მოედანზე ყველაზე აქტიური იყო, ბევრს მოძრაობდა, მომენტებს ქმნიდა, კარში დარტყმა და გატანა პირველი ტაიმში არაერთხელ სცადა, მაგრამ ჯერ მცველი გადაეფარა და ახლოდან გატანის შანსი არ მისცა, შემდეგ კი „პარმა“ მეკარემ გადაარჩინა. ასევე გაგრძელდა მეორე ტაიმში, როდესაც კვარაცხელიას შექმნილი მომენტები სამ თამაშს ეყოფოდა – სამჯერ ძალიან სახიფათოდ გაისროლა, მაგრამ „პარმას“ 22 წლის იაპონელი მეკარე ზიონ სუზუკი შესანიშნავ რეაქციას ავლენდა და სამივე შემთხვევაში გუნდი ხიფათისგან გადაარჩინა.
„ნაპოლი“ გატანას ვერ ახერხებდა და ანტონიო კონტემ მოედანზე ახალწვეული რომელუ ლუკაკუ გამოიყვანა, რომელიც ერთ წუთში ხვიჩა კვარაცხელიამ მეკარესთან პირისპირ დატოვა, მაგრამ მეკარეს ვერც ბელგიელმა ვარსკვლავმა აჯობა, მერე კი თამაშგარე დაუფიქსირეს.
76-ე წუთზე „პარმა“ ისევ სუზუკიმ დააღალატა, რომელმაც მეორე ყვითელი ბარათი მიიღო, მოედნის დატოვება მოუხდა და 10 მოთამაშით დარჩენილმა „პარმამ“ უპირატესობა ვერ შეინარჩუნა.
ხვიჩამ ორჯერ სცადა გატანა და ისევ უშედეგოდ – ორჯერ ჯოვანი სიმეონეს შეეძლო მისი გადაცემით გატანა და შანსებით ვერ ისარგებლა. 90+2-ე წუთზე „ნაპოლი“ ლუკაკუმ გადაარჩინა, რომელმაც სადებიუტო მატჩი გოლით აღნიშნა, ხუთ წუთში კი ზამბო ანგისამ ნეაპოელელებს გამარჯვება მოუტანა და 3 ტურის შემდეგ „ნაპოლი“ სერია A-ში 6 ქულით მე-4 ადგილზე დაწინაურდა.