კვარაცხელიას „ნაპოლი“ იტალიის სუპერთასისთვის საუდის არაბეთში იბრძოლებს #1TVSPORT
კვარაცხელიას „ნაპოლი“ იტალიის სუპერთასისთვის საუდის არაბეთში იბრძოლებს #1TVSPORT

ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლი“ იტალიის სუპერთასისთვის, ტრადიციული ფორმატის ნაცვლად, საუდის არაბეთში ოთხთა ტურნირზე იბრძოლებს, რადგან, სანახაობასთან ერთად, საქმე მილიონებს ეხება – ინფორმაციას გამოცემა La Repubblica ავრცელებს.

ფორმატი, რომელიც ესპანეთში გამოიყენეს (შემდეგ საქართველოშიც), იტალიელებისთვისაც მისაღები აღმოჩნდა. დაბრკოლება „ნაპოლის“ პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი იყო, მაგრამ საბოლოოდ იტალიის ფეხბურთის ფედერაციის წინადადებას მაინც დათანხმდა.

„საბოლოოდ, საღმა აზრმა გაიმარჯვა და კლუბების ბიუჯეტებმაც. კამათის, აჟიოტაჟისა და დაპირისპირებების შემდეგ „ნაპოლის“ პრეზიდენტმა, აურელიო დე ლაურენტისმა საბოლოოდ გადაწყვიტა – „ნაპოლი“ იტალიის სუპერთასისთვის იბრძოლებს. ჯილდოს საუდის არაბეთში გათამაშების შესახებ გადაწყვეტილება მიიღეს მანამდე, სანამ სერია A-ს სატელევიზიო უფლებები Dazn-სა და Sky-ს გადასცეს. ნეაპოლური კლუბის პატრონი კი სუპერთასის რომში გათამაშების იდეას ემხრობოდა.

იტალიის სუპერთასის გამარჯვებული საუკეთესო ოთხ გუნდს შორის გამოვლინდება და არა მხოლოდ ჩემპიონისა და თასის მფლობელის მონაწილეობით. დიახ, ეს უფრო სანახაობრივი იქნება, მაგრამ ასევე საქმე მილიონებს ეხება. გამარჯვებული, ჯამში, შვიდ მილიონ ევროს მიიღებს.

მომდევნო ექვსი წლის განმავლობაში იტალიის სუპერთასი საუდის არაბეთში ოთხჯერ გაიმართება. უახლოესი ორი სეზონის შემდეგ ორწლიანი შესვენება იქნება და შემდეგ ამ ქვეყანას ისევ ორჯერ ესტუმრებიან. ფინალურ ოთხეულში მოხვდებიან იტალიის თასის ფინალისტები და 2022/2023 წლების სეზონის სერია A-ს ორი საუკეთესო გუნდი“, – იუწყება გაზეთი La Repubblica.